20 ივნისი 2026,   10:26
ვრცლად
ტრამპის პოლიტიკა - უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ენდრიუსის ავიაბაზაზე რეპორტიორებთან საუბრისას გააკეთა

უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა ენდრიუსის ავიაბაზაზე რეპორტიორებთან საუბრისას გააკეთა. თქვა, რომ მოკავშირეები ომში მყოფ ქვეყანას "პეტრიოტის" სისტემებს უკვე აწვდიან. ახლა კიევს სარაკეტო კომპლექსებს საკუთარი საწყობიდან ბუნდესფერი აძლევს, გერმანიის მარაგს კი პენტაგონი შეავსებს.

გერმანიასთან ერთად უკრაინისთვის ამერიკის შეერთებული შტატებისგან "პეტრიოტის" შესყიდვის მზადყოფნა უკვე დაადასტურა შვედეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. საკითხის მიმართ ინტერესი გამოხატა დანიამ, ნორვეგიამ, ნიდერლანდებმა და კანადამ. თუმცა, მედია წერს, რომ კიევისთვის სარაკეტო სისტემების შესყიდვას არ განიხილავს საფრანგეთი და იტალია. ორივე ქვეყნის შემთხვევაში, მიზეზად, თავდაცვის ბიუჯეტის შესაძლებლობები სახელდება.

უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ნატოს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა. მარკ რუტე აღნიშნავს, რომ შეიარაღების პაკეტების მიწოდებასთან ერთად, მოკავშირეები რუსეთზე და მის სავაჭრო პარტნიორებზე ზეწოლას სანქციებით განახორციელებენ.

უკრაინის მოკავშირეებს ეხმაურება ოფიციალური მოსკოვი. კრემლის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ევროპა ომში მყოფი ქვეყნის შეიარაღებაზე უდიდეს თანხებს ხარჯავს. დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი პროცესს ყურადღებით დააკვირდება.

პირველი პაკეტის ფარგლებში უკრაინა 10 მილიარდი დოლარის შეიარაღებას მიიღებს. ინფორმაცია გამოცემა "აქსიოსმა" გაავრცელა. ქვეყანას გადაეცემა რაკეტები, საარტილერიო ჭურვები და "პეტრიოტის" სისტემები. "ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ იგეგმება "ტომოჰავკის" ფრთოსანი რაკეტების გადაცემაც, რომელიც სამიზნეების განადგურება 5 000 კილომეტრის რადიუსზე შეუძლია.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები