09 აგვისტო 2026,   19:22
ვრცლად
"მოხდა გაუთვალისწინებელი რამ... ბატონი გიორგი პოლიტიკურ პროცესებს არანაირად არ უკავშირებს ამ ინციდენტს" - ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ადვოკატი

დაკავებული ბიზნესმენის, გიორგი რამიშვილს, იგივე "ზარალას" ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებას პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირებს. მისივე განმარტებით, მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, რასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს ბიზნესმენი, მინიმუმ, წერილობით უპასუხებს.

"შევხვდი გიორგი რამიშვილს. საქმის დეტალებთან დაკავშირებით და, კონკრეტულად, მის პოზიციასთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მას ჯერ ბრალი არ წარსდგენია და მისი პოზიცია ოფიციალურად არ დაუფიქსირებია, თავს შევიკავებ. ბატონი გიორგი ამბობს იმას, რომ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, შეიძლება ამას ეწოდოს შეცდომაც კი.

ამ ყველაფერზე საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, ბატონ გიორგის ექნება შესაძლებლობა, მინიმუმ, წერილობით მაინც გააკეთოს განცხადება. მე თავს არ მივცემ უფლებას, მისი პოზიციის ოფიციალურად დაფიქსირებამდე ჩემი პოზიცია გავაჟღერო. ერთი შემიძლია ცალსახად დავადასტურო და ვთქვა, რომ ბატონი გიორგი პოლიტიკურ პროცესებს არანაირად არ უკავშირებს ამ ინციდენტს," - განაცხადა ადვოკატმა.

ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს, ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ბიზნესმენმა ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარა.

"სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი სამართალდამცველებმა გუშინ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, გამგზავრების ტერმინალში, ხელბარგის შემოწმების დროს, მას ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები უპოვეს.

გიორგი რამიშვილის დაკავების შემდეგ, განცხადება გაავრცელა "სილქ როუდ ჯგუფმაც".

დღის ამბები