08 ივნისი 2026,   22:33
ვრცლად
სპეცოპერაცია თბილისსა და სამეგრელოში - ნარკოდანაშაულისთვის ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავეს

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები - "კურიერის" ინფორმაციით, დაფასოებული ნარკოტიკი წინასწარ შერჩეულ ადგილას უკვე დადებული ჰქონდათ, ე.წ. ფაქტის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციაც გადაგზავნილი, თუმცა მეთადონის გაყიდვა ვერ მოასწრეს. სამართალდამცველებმა საპოლიციო ღონისძიებები დაგეგმეს და სამი პირის დასაკავებლად სპეცოპერაცია ერთდროულად ჩაატარეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იყვნენ მობილიზებული.

სპეცოპერაციის ერთ-ერთი ეპიცენტრი ზუგდიდი, საირმის ქუჩა იყო. "კურიერის" ინფორმაციით, პოლიციამ 40 წლამდე მამაკაცი ქუჩიდანვე აიყვანა. ადგილზე ჩატარდა პირადი ჩხრეკა და მისგან სამართალდამცველებმა 56 შეკვრად დაფასოებული მეთადონი ამოიღეს. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შორის, ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალია.

ირკვევა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ნარკოტიკის გასაღებისთვის ე.წ. დადების მეთოდს ირჩევდნენ. პოლიციამ სამალავებში კლიენტისთვის დატოვებული გასაყიდი ნარკოტიკიც ამოიღო.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს, სოციალურ ქსელში ნარკორეალიზატორთა დახურული ჯგუფი ჰქონდათ შექმნილი, აქ ეკონტაქტებოდნენ მომხმარებლებს, მეთადონის მოთხოვნილ რაოდენობაზე იღებდნენ შეკვეთებს, შემდეგ სარეალიზაციოდ ამზადებდნენ და ტოვებდნენ ისეთ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობა არ იყო. იმის დასადასტურებლად, რომ ე.წ. ფაქტი ადგილზე იდო, უღებდნენ ფოტოს და დამკვეთს მისამართს უგზავნიდნენ.

67 შეკვრად დაფასოებული კილოგრამი და 200 გრამი მეთადონი, რომელიც ნარკოტიკის განსაკუთრებით დიდი რაოდენობაა, ნარკოდანაშაულის საქმეში ნივთმტკიცების სახით დევს. ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგებზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩატარდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დირექტორმა დაადასტურა, რომ უახლოეს დღეებში, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი გაიზრდება. დავით კიკნაძის თქმით, დანაშაულის მონაწილე სხვა პირების გამოსავლენად, კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები ახლაც მიმდინარეობს.

ორგანიზებული ჯგუფის წევრებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულები ახლა ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდებიან. სავარაუდოდ, ხვალ, მათ აღკვეთ ღონისძიებაზე უკვე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.

დღის ამბები