საბრძოლო მოქმედებების მეშვიდე დღე - ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დარტყმების ახალი სერია დაიწყო.
ბალისტიკური რაკეტებით დაიბომბა რამდენიმე ქალაქი. დანგრეულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, საავადმყოფო ქალაქ ბერშევაში და საცხოვრებელი სახლები. არიან დაშავებულები. აფეთქებების ხმა ისმოდა თეირანშიც. "ცახალმა" ირანის დედაქალაქში თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინას და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს დაარტყა.
იერიშები იყო ქვეყნის ბირთვულ ობიექტებზეც.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებიან გეგმას, აკონტროლებენ თეირანის ცას და აიათოლას რეჟიმს ძლიერი ძალით ურტყამენ.
"საფრთხეები, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოს ემუქრება, ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტებია. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით გეგმას, ვაკონტროლებთ თეირანის ცას. აიათოლას რეჟიმს ძლიერი ძალით ვურტყამთ. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია ვიდრე ოდესმე. ინსტრუქციები მივეცი მთავრობას, რომ ყველა დაზარალებულს დახმარება გაუწიონ. სამწუხაროდ, ბოლო დღეებში გმირი ჯარისკაცები დავკარგეთ. მე ვიზიარებ ოჯახების მწუხარებას. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს - ისრაელის სახელმწიფოს დიდ მეგობარს. მადლობა იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად დგას და მადლობა აშშ-ს ისრაელის ცის დაცვაში. ისრაელის მოქალაქეებო, ერთად ვიბრძოლებთ და, ღმერთის დახმარებით, ერთად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.