85 მილიონი ლარის 298 კილო ჰეროინი - ევროპაში გასატანად გამზადებული ნარკოტიკი საქართველოში აღმოაჩინეს. ჰეროინი დამალული იყო ცეცხლგამძლე აგურის ბუტაფორიაში. ირკვევა, რომ კონტეინერი საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა, ბათუმის გავლით კი საბოლოოდ ევროპაში უნდა ჩაეტანათ.
დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდა. სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. სატვირთო ავტომობილის მძღოლს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
"ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. განმარტავს, რომ მას შემხებლობა ამ დანაშაულთან არ ჰქონია. მას მანქანა დაუტვირთეს ტვირთით, მას უფლება არ ჰქონდა შეფუთული ტვირთი ადგილზე გაეხსნა და დაეთვალიერებინა და ისე წამოეღო. ის პასუხისმგებელი ამაზე არ არის. ის ვალდებული იყო დანიშნულების ადგილზე მისულიყო, ჩაეტვირთა ტვირთი და გადმოეტანა საქართველოში, საქართველოს გავლით კი გადაეტანა საზღვარგარეთ", - აცხადებს სატვირთო ავტომობილის მძღოლის ადვოკატი.