21 ივნისი 2026,   13:25
ვრცლად
"ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს" - მაკრონი ირანის პრეზიდენტს ესაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშკიანს ესაუბრა, - ამის შესახებ მაკრონმა "X-ზე" დაწერა და თქვა, რომ ირანის პრეზიდენტის მიმართ მისი პირველი გზავნილი საფრანგეთის ორი მოქალაქის გათავისუფლება იყო.

"რეგიონში დესტაბილიზაციის სერიოზული რისკის გათვალისწინებით, მოვუწოდე, რომ ჩვენი დიპლომატიური ობიექტები და მოქალაქეები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდნენ სამიზნე. ასევე, მოვუწოდე მაქსიმალური თავშეკავებისკენ ესკალაციის თავიდან ასაცილებლად".

მაკრონი ასევე წერს, რომ "ირანის ბირთვული პროგრამა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და ის მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს".

მისივე თქმით, მოუწოდა ირანის პრეზიდენტს, სწრაფად დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას შეთანხმების მისაღწევად.

"ეს დეესკალაციის ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი გზაა. ჩვენ მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ და, ამ მიზნის მისაღწევად, ყველა ჩვენი ძალისხმევის მობილიზება მოვახდინოთ”,- წერს ემანუელ მაკრონი.

დღის ამბები