08 აგვისტო 2026,   07:03
ვრცლად
"თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი" - ღონისძიება, რომელიც მსმენელსა და მაყურებელს შთამბეჭდავ მუსიკალურ თავგადასავალს ჰპირდება

ფესტივალი, რომელიც მუსიკის საშუალებით თაობებს აერთიანებს და ახალგაზრდა ქართველ შემსრულებლებს გლობალური მუსიკალური კულტურის ნაწილად აქცევს - სტარტს უკვე მესამედ აიღებს.

"თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი" წელს თბილისთან ერთად საქართველოს რამდენიმე რეგიონშიც ჩატარდება.

კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი და საოპერო ხელოვნება მსმენელსა და მაყურებელს შთამბეჭდავ მუსიკალურ თავგადასავალს ჰპირდება.

ღონისძიება ორ გამორჩეულ ქართველ ხელოვანს - კომპოზიტორ დავით თორაძესა და მის შვილს, მსოფლიო მნიშვნელობის პიანისტსა და პედაგოგს, ლექსო თორაძეს ეძღვნება. გენიალური მუსიკოსების სახელობის მუსიკალური მოვლენა დღეს ახალი თაობის ხელოვანებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის უნიკალური შესაძლებლობაა.

ფესტივალის დამფუძნებლებმა წლევანდელი პროგრამა პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს. ღონისძიება კულტურის სამინისტროს, თორაძის ფონდისა და ქართული გალობის ფონდის მხარდაჭერით ტარდება.

"თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი" სტარტს 4 ივნისს აიღებს და ორი კვირის განმავლობაში, მსმენელს მუსიკალურ სამყაროში ამოგზაურებს.

ფესტივალი 18 ივნისს მარჯანიშვილის თეატრში, ლიანა ასათიანის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამოთი დაიხურება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები