Siena-ს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, ლიეტუვის სოციალური უზრუნველყოფისა და შრომის სამინისტროს მრჩევლის მფლობელობაში არსებული კომპანია, სავარაუდოდ, მესამე ქვეყნების მეშვეობით, გვერდს უვლიდა სანქციებს და რუსეთში, მილიონობით ევროს ღირებულების დასავლური, ძვირადღირებული, ბრენდული ტანსაცმელი ჩაჰქონდა. ინფორმაციას ლიეტუვის ეროვნული რადიო და ტელევიზია LRT ავრცელებს.
კომპანია Mėlynšilis-მა, რომელიც შალჩინინკაის რაიონში მდებარეობს, 2023 წლის დასაწყისიდან 2024 წლის გაზაფხულამდე, რუსეთში 4,5 მილიონ დოლარზე მეტი (დაახლოებით 3,8 მილიონი ევრო) ღირებულების ბრენდირებული ტანსაცმელი გაგზავნა, მათ შორის არის: Nike-ის, Tommy Hilfiger-ის, Puma-ს, Calvin Klein-ის და Adidas-ის ნივთები, იტყობინება Siena.
არსებული ინფორმაციით, ექსპორტი გადიოდა თურქეთსა და სერბეთზე, სანამ რუსეთს მიაღწევდა და საბოლოოდ გადაეცემოდა კომპანია Umnyj Import-ს, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად და სანქცირებულ Sberbank-ს ეკუთვნის.
მედიის ცნობით, კომპანია Mėlynšilis-ი ექსკლუზიური მფლობელი ანტონინა მილიაუსკიენეა, რომელიც ლიეტუვის სოციალური სერვისების ზედამხედველობის დეპარტამენტის მრჩეველია. უწყება ქვეყნის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს ექვემდებარება.
როდესაც Siena მილიაუსკიენეს დაუკავშირდა, მან თქვა, რომ კომპანიის საექსპორტო საქმიანობის შესახებ არ იცოდა და Siena მის შვილთან, მინდაუგას მილიაუსკასთან გადაამისამართა. მან კომპანია Umnyj Import-თან განხორციელებულ ტრანზაქციებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ევროკავშირის სანქციების გამო, ბევრ დასავლურ კომპანიას რუსეთში საქონლის გაყიდვა ეკრძალება, განსაკუთრებით ბრენდული ნივთების, რომლებმაც რუსული ბაზარი 2022 წელს, მოსკოვის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დატოვეს.