28 აგვისტო 2026,   07:40
ვრცლად
"იმედი გვაქვს, რომ ამით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის უზარო პოლიტიკური პროპაგანდა, რომელიც ეხება მთავრობის ვითომ აღიარება-არაღიარებას" - ლევან მახაშვილი ტრამპის წერილზე

"ტრამპის მისალოც წერილს რაც შეეხება - მე ფრთხილი ოპტიმიზმით მოვეკიდებოდი ამ წერილს და მის შესაძლო შედეგებს - ამ წერილს არც გავაზვიადებდი და არც დავაკნინებდი," - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან მახაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს, რომლითაც მან საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მისივე თქმით, ეს კარგი პირველი ნაბიჯია აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, თუ როგორ გადაითარგმნება ეს ნაბიჯი ახალი ადმინისტრაციის ახალ პოლიტიკაში.

"არ დავაკნინებდი, რადგან ცალსახად, ეს არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს და იმედი გვაქვს, რომ ამით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის უზარო პოლიტიკური პროპაგანდა, რომელიც ეხება მთავრობის ვითომ აღიარება- არაღიარებისა და ლეგიტიმაცია მიცემა-არ მიცემის საკითხს. მეორეს მხრივ, არც გავაზვიადებდი ამ წერილის მნიშვნელობას იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის კარგი პირველი ნაბიჯი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯი გადაითარგმნოს აშშ-ის ახალ პოლიტიკაში," - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, წერილში, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები და ელოდება ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

დღის ამბები