ხვალ ქვეყანა 26 მაისს იზეიმებს - დღეს, რომელიც საქართველოს სიყვარულით ყველას, ყველანაირი განსხვავების მიუხედავად აერთიანებს. და მაინც ამ კანონზომიერებაში ერთიანობის მოწინააღმდეგეებიც გამოჩნდნენ. ერთობა და დაყოფა პოლიტიკურ გზაჯვარედინად ოპოზიციის ნაწილმა აქცია და ეროვნული დღესასწაულის ანტიეროვნული გეგმაც გააჟღერა. პასუხმაც არ დააყოვნა - გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები 26 მაისის მოპარვას ხალხისთვის ვერ შეძლებენ, თუმცა რომ ეცდებიან, ამაში ხელისუფლება დარწმუნებულია, რასაც უახლესი წარსულის ერთი დღეც მოწმობს - 9 აპრილი. პირველი კანონმდებელი ერთი თვის წინანდელ მოვლენებს იხსენებს. პარლამენტის თავმჯდომარე საელჩოების მხრიდან დაანონსებულ და მომხდარ ძალადობაზე რეაგირებას ითხოვს.
რუსთაველზე შეკრება ოპოზიციამ რადიკალიზმისთვის რომ უნდა გამოიყენოს, ეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა. პიკეტირება, პარალიზება და შესაძლო მსხვერპლი - ასეთია გედევან ფოფხაძის 26 მაისის საზეიმო ფორმულა.
გედევან ფოფხაძის ძალადობრივი ზრახვები მალე ამბივალენტურმა გრძნობებმა შეცვალა. ჯერ სურვილები და სიტყვა ნებაზე მიუშვა, შემდეგ სხვები, მათ შორის, საკუთარი პარტიის წევრებიც გაემიჯნნენ და ბოლოს ნათქვამი საერთოდ უარყო.
გედევან ფოფხაძე გამონაკლისი არ არის. იმის მიუხედავად, რომ ლიდერი ფიზიკურად ვერ გამოიხსნა, მაინც დამხობასა და ძალადობაზე საუბრობს ლევან ხაბეიშვილიც.
ყოფილ თავმჯდომარეს სულისკვეთება მისსავე პარტიაში დაუწუნეს, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ 26 მაისი დასაცავია, თან პროტესტით და თან მშვიდობიანად. ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში კონკრეტულ გეგმაზეც საუბრობენ. მათი სამოქმედო სტრატეგია კი ასეთია - 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მისვლის უფლებას "ქართული ოცნების" ლიდერებს არ მისცენ.
"ნაციონალური მოძრაობის" მსგავსად, კონკრეტულ გეგმაზე არ საუბრობენ სხვა ოპოზიციური პარტიები. არადა 26 მაისის გეგმებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს, მაგიდასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები სხედან, თუმცა არა "ნაციონალური მოძრაობა". სააკაშვილის პარტია ზურაბიშვილს მისივე გეგმების გამო აკრიტიკებს.
არც სიტყვით გამოსვლებს და არც ძალადობრივ მოწოდებებს იზიარებენ პარტია "საქართველოში". ყოფილი პრემიერის გუნდი, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას რადიკალიზმის მცდელობაში ადანაშაულებს. აცხადებენ, რომ მათი კოლეგების ნაწილი მსგავსი შინაარსის მოწოდებებით საზოგადოების დაშინებას ცდილობს.
და როცა ოპოზიციამ ერთობა ვერც ერთიანობის დღეს მოახერხა, საკუთარი გზა იპოვა "კოალიცია ძლიერმა საქართველომაც." ხაზარაძე-ჯაფარაძის პარტია ეროვნულ დღესასწაულს მარშით შეხვდება.
ოპოზიციის გეგმები წარსულს და 2011 წლის 26 მაისს ახსენებს სოზარ საუბარს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იმ მოჯადოებულ წრეზე საუბრობს, რომელშიც ახლა ოპოზიცია დგას. ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ ძალადობა "ნაციონალური მოძრაობის" ბუნებრივი მდგომარეობაა.
ოპონენტები რომ სახალხო ზეიმის სახალხო დაპირისპირებად ქცევას გეგმავენ, ამაში მმართველი გუნდი დარწმუნებულია. "ქართულ ოცნებაში" იმასაც აცხადებენ, რომ ეს დაკვეთა ოპოზიციამ ქვეყნის გარედან მიიღო და არა მხოლოდ სიტყვიერი - მათმა ოპონენტებმა მაშველ რგოლად ის ევროპელი ლიდერები მოიხმეს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ უსამართლო განცხადებებით გამოირჩევიან.
ოპოზიციის ნაწილი რადიკალურ ზომებზე საუბრობს, თუმცა პრემიერ-მინისტრი ოპონენტებს განუმარტავს, რომ მათ გეგმებს განხორციელება არ უწერია. ეროვნული დღესასწაული შესაბამისად ჩატარდება - ამბობს მთავრობის მეთაური და პირობას დებს, რომ პროვოკაციების მოწყობის საშუალებას ხელისუფლება არავის მისცემს.
ეროვნული დღესასწაულისთვის ყველაფერი მზად არის, ქვეყნის მთავარ მოედანზე ხვალ საქართველო დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებს. დღეს, რომელიც ყველას გააერთიანებს, თუმცა მათ ვერა, ვინც ერთობის იდეას არ იზიარებს.