"თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციაში ისევ დაპირისპირების და ურთიერთბრალდებების მიზეზია. გიორგი გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ იმ პარტიებმა, რომლებიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, საზოგადოებას უნდა აუხსნან რა ალტერნატივას სთავაზობენ. მათივე ინფორმაციით, არჩევნებისთვის ემზადება რამდენიმე ძალა, ისინი რეგიონებში შეხვედრებსაც მართავენ, თუმცა ამის შესახებ ღიად ჯერ არ საუბრობენ.
პასუხად, ოპოზიციურ პარტიებში გახარიას გუნდი დღეს მწვავედ გააკრიტიკეს.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებმა თქვეს, რომ დადგა დრო, პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს.
"არათავსებადია ერთმანეთთან, იყო უკომპრომისო ბრძოლაში და ამავე დროს, სერიოზულად განიხილავდე უკვე, 4 თვით ადრე ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას. ისმის კითხვა, რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ, პასუხია, რომ თავად ბოიკოტი არის გეგმა," - აცხადებს ”კოალიცია ცვლილებისთვის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია.
პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე:
"მათი მხრიდან ლეგიტიმაციის შექმნის მცდელობას, მივყავართ არასასურველ შედეგამდე, ესა თუ ის პარტია რას გააკეთებს ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს, შეიძლება ეს იყოს მტკივნეული საზოგადოებისთვის ამ ბროლის ეტაპზე. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას სპეცოპერაციაში".