კრისტოფერ ლაქსონი მოზარდებისთვის, რომლებსაც 16 წელი არ შეუსრულდათ, სოციალური ქსელების დაბლოკვის ინიციატივით გამოდის. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი წინადადების მთავარი მიზანი ტექნოლოგიური პლატფორმების მავნე ზემოქმედებისგან ბავშვების დაცვაა.
"საქმე ეხება ჩვენი ბავშვების დაცვას. უნდა დავრწმუნდეთ, რომ სოციალური ქსელების კომპანიებს ჩვენი ბავშვების დაცვის საქმეში საკუთარი წვლილი შეაქვთ", - განაცხადა ახალი ზელანდიის პრემიერმა.
ლაქსონის ინიციატივის თანახმად, მარეგულირებელი ორგანო ვალდებული იქნება შეამოწმოს, შეუსრულდა თუ არა ამა თუ იმ მომხმარებელს 16 წელი. კანონის დამრღვევებს 2 მილიონი ახალზელანდიური დოლარის (1,2 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.
France 24-ის ცნობით, ახალი ზელანდიის პრემიერის ინიციატივა ავსტრალიურ მოდელს ეყრდნობა.