21 ივნისი 2026,   14:22
ვრცლად
"რაიმე თუ მოხდა იქ პარასკევს გავემგზავრები" - შესაძლოა სტამბოლში დონალდ ტრამპიც ჩავიდეს

რუსულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის შეხვედრა, დაახლოებით, ერთი საათის წინ უნდა დაწყებულიყო. თუმცა ჯერჯერობით, დელეგაციის არცერთი წევრი ადგილზე არ გამოჩენილა.

რუსული დელეგაცია სტამბულში, ადგილობრივი დროით, ღამის სამ საათზე, ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით ჩაფრინდა. ისინი უკრაინული დელეგაციის პასუხს ელოდებიან, რათა დაიწყოს პირდაპირი მოლაპარაკებები.

რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს, ცნობილი გახდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ანკარაში იმყოფება. ის დელეგაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთა აშში-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმაც. მან არ გამორიცხა, რომ ხვალ ისიც ჩავიდეს სტამბულში, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სტამბულში პუტინი და ზელენსკი ჩავლენ.

"რაიმე თუ მოხდა იქ პარასკევს გავემგზავრები, თუ ეს მიზანშეწონილი იქნება. ვფიქრობ მგზავრობაზე, თუმცა ეს ძალიან რთულია, იმიტომ, რომ დღეს და ხვალ ძალიან დაკავებულები ვართ. ჩვენი წარმომადგენლები უკვე მართავენ მოლაპარაკებებს. რა აზრი აქვს პუტინის იქ ჩასვლას, თუ მე არ ჩავალ? არ მგონია, რომ პუტინი წავიდეს თუ იქ მე არ ვიქნები", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, დღეს სტამბოლში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკება უნდა დაიწყოს. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა პუტინმა, რუსეთის პრეზიდენტის უარის გამო შეხვედრას, სავარაუდოდ, არც ზელენსკი დაესწრება.

 

დღის ამბები