თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცის პროცესი მიმდინარეობს. დღეს ბრალდების მხარის ექსპერტები დაიკითხებიან. არჩილ მუსელიანცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
გამოძიების ინფორმაციით, მუსელიანცმა პარლამენტის შენობის წინ, ბოძზე დამაგრებული კამერების დენის წყარო დააზიანა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდება 3-დან 6-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"ეს მოწმეები საკმაოდ მნიშვნელოვანი მოწმეები არიან, აქედან გამომდინარე, საკმაოდ ჩართული ვიქნებით მათ გამოკვლევაში, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარე. ჩვენ პოზიციას რაც შეეხება, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად, სადაოდ ვხდით ყველა მტკიცებულებას," - ამბობს არჩილ მუსელიანცის ადვოკატი, დიმიტრი ვარდიაშვილი.
განცხადება გააკეთა პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა.
"დაიკითხება ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი, რომელმაც დაადგინა, რომ ვიდეო ჩანაწერში, რომელშიც ჩანს, რომ არჩილ მუსელიანცი აზიანებს და ცეცხლს უკიდებს უშუალოდ სატელეკომუნიკაციო ყუთს, არის ნამდვილად არჩილ მუსელიანცი. აღნიშნული პირის საუბარი ისმის ამ ჩანაწერში და სწორედ ამის იდენტურობას ადგენს მითითებული ექსპერტი. გარდა აღნიშნულია, დაიკითხება დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტი, რომელიც ასევე ადგენს ამ საქმის ფარგლებში იმას, რომ უშუალოდ დანაშაულის ადგილიდან, სატელეკომუნიკაციო კარადის შიდა ზედაპირიდან აღებული ხელის გულის ნიმუში იდენტურია უშუალოდ არჩილ მუსელიანცის ხელის გულის ნიმუშის,“ - ამბობს ანი ხუბეჯაშვილი.