09 ივნისი 2026,   01:44
ვრცლად
ცემით მოკლული მამა და ნაცემი შვილი - რატომ გაიმეტეს შვილის თვალწინ ახალგაზრდებმა 43 წლის მამაკაცი

ამბავი, რომელმაც ახალგაზრდა ქალი, 2 შვილის დედა დააქვრივა, 7 წლის ნუცას ყველაზე ახლო მეგობარი - მამა დააკარგვინა, 17 წლის თაზოს კი, მშობლის სასიკვდილოდ ცემა საკუთარი თვალით აყურებინა.

43 წლის თემურ გოგიშვილი უცნობმა ადამიანებმა გონების დაკარგვამდე სცემეს, - ისე, რომ კომიდან არც გამოსულა და კლინიკაში გარდაიცვალა. საქმეზე დაკავებული პირები ჯგუფურ დანაშაულს, სიკვდილით დასრულებულ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალს, არ აღიარებენ.

ამბავი ტრაგიკული დასასრულით ასე განვითარდა: 2024 წლის 12 აგვისტო, სოფელ ორბეთში, თემურ გოგიშვილი ახლობელთან სტუმრად მიდიოდა. მას თან ახლდნენ არასრულწლოვანები - შვილი და ნათესავი. გზად, მაღაზიასთან შეჩერდნენ და პროდუქტი შეიძინეს. თანხის გადახდის დროს, გოგიშვილმა უცხო პირის მზერა შენიშნა და გამოელაპარაკა.

კადრები, რომელიც საქმეში მთავარი მტკიცებულებაა, "კურიერი P.S.-მა" რამდენიმე თვის წინ მოიპოვა. ჩანაწერის მიხედვით, ნასვამი თემურ გოგიშვილი არასრულწლოვანებთან და უცხო მამაკაცთან ერთად, მაღაზიიდან მშვიდი საუბრით გავიდა. საუბარი გარეთაც გაგრძელდა. რამდენიმე წუთში, სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო. ბავშვები ვითარების განმუხტვას შეეცადნენ, თუმცა. ამ დროს ადგილზე სხვა პირები გამოჩნდნენ. უცხო კაცი და მისი მეგობრები თემურ გოგიშვილსა და არასრულწლოვანებს ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.

კადრებში ჩანს, რომ ჩხუბს ბევრი მაყურებელი ჰყავს, გაშველებას არავინ ცდილობს, მოძალადეების რაოდენობა კი სულ უფრო იმატებს. ერთ-ერთმა მაყურებელმა სოფლის ექიმს მხოლოდ მაშინ უხმო, როდესაც თემურ გოგიშვილმა გონება, დარტყმებისა და დაცემის შედეგად, მეორედ დაკარგა. ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფოც.

ნაცემი კაცი კლინიკაში უმძიმესი დაზიანებებით გადაიყვანეს.

მთავარი ფიგურანტი, რომელიც დანაშაულის ორგანიზატორად ითვლება, რაჟდენ სუბელიანია. მან მიმალვა მოასწრო და ამ დრომდე ეძებენ.

ბრალი, სუბელიანთან ერთად, გიორგი ბექაურსაც წარუდგინეს. ბრალდებულის სკამზე ჩხუბში ჩართული კიდევ ორი პირი - ოთარ სარდლიშვილი და ზვიად შამფრიანიც აღმოჩნდნენ. სარდლიშვილმა ნაფიცი მსაჯულები აირჩია. ის ნაწილობრივ დამნაშავედ ცნეს და 2-წლიან სასჯელს მხოლოდ ბავშვების ცემისთვის მოიხდის.

ახლა ჯერი დანარჩენ სხვა ბრალდებულებზეა - რამდენიმე დღეში, მათ განაჩენს მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილი გამოაცხადებს.

"კურიერი P.S.-მა" ერთ-ერთი ბოლო სხდომა თეთრიწყაროს სასამართლოში გადაიღო. ბრალდებულებს არაფერი უთქვამთ. კომენტარისგან თავი შეიკავა ადვოკატების ნაწილმაც. ჩვენ ვესაუბრეთ გიორგი ბექაურის დამცველს. მას მომხდარზე საკუთარი ვერსია აქვს. თემურ გოგიშვილის გარდაცვალებას მენინგიტს უკავშირებს, ჩხუბის ინიციატორად კი გარდაცვლილის თანმხლებ ბავშვებს ასახელებს.

რატომ სცემეს უმოწყალოდ 43 წლის კაცი - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს.

გარდაცვლილის მეუღლე, ბრალდებულებისგან და მათი ოჯახის წევრებისგან სოლიდარობას ელოდებოდა, თუმცა, სანაცვლოდ, ანონიმური მუქარა მიიღო. ობლად დარჩენილი 2 შვილის დედას მაინც იმედი აქვს, რომ ბრალდებულები ჩადენილს ადრე თუ გვიან მოინანიებენ, მანამდე კი უმკაცრეს სასჯელს მიიღებენ. საბრალდებო მუხლი მაქსიმალურ სასჯელად 14 წელს ითვალისწინებს.

დღის ამბები