ესპანეთისა და პორტუგალიის არაერთ დასახლებაში ელექტროენერგიის არაგეგმურმა გათიშვამ პრობლემები შექმნა. როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, შეფერხებამ გამოიწვია საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარალიზება, საცობები და ავიარეისების გადადება.
ოფიციალური უწყებები მომხდარის მიზეზს ვერ ასახელებენ, თუმცა არ გამორიცხავენ, ელექტროენერგიის გათიშვა კიბერთავდასხმით იყოს გამოწვეული.
შექმნილი ვითარების სამართავად, ესპანეთში კრიზისის მართვის კომიტეტიც კი შეიქმნა.
პორტუგალიის პოლიციის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეფერხდა შუქნიშნების მუშაობა, ლისაბონსა და პორტოში მეტრო დაიკეტა და მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა.
ქსელის ოპერატორ RTE-ში აცხადებენ, რომ გათიშვა ხანმოკლე იყო და ელექტრომომარაგება მალევე აღდგა. კომპანიაში განმარტავენ, რომ მომხდარის მიზეზს იკვლევენ.