ლავროვსა და რუბიოს შორის მორიგი სატელეფონო საუბარი შედგა - ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა.
"რუსეთ-ამერიკის პოლიტიკური დიალოგის საკვანძო ასპექტებზე პროდუქტიული აზრთა გაცვლა გაგრძელდა. ყურადღება დაეთმო უკრაინის კრიზისს, ასევე განიხილეს საერთაშორისო საკითხები", – ნათქვამია განცხადებაში.
გუშინ, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს მომავალში უნდა გაფორმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი მოლაპარაკებების პროცესს დატოვებს. შტატები გადაწყვეტილებას ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს, განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
"ეს სწრაფად უნდა მოხდეს. თუ ძალისხმევა შედეგს არ მოგვცემს ჩვენი დროისა და რესურსების დათმობას ვერ გავაგრძელებთ. ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. გადავწყვეტთ არის თუ არა ეს საქმე, რომელშიც აღარ გვსურს მონაწილეობა და ყურადღების სხვა საკითხებზე გადატანის დროა", - განაცხადა მარკო რუბიომ.