10 აგვისტო 2026,   22:26
ვრცლად
21-ე საუკუნეში აკვანი მხოლოდ დეკორაციისთვის თუ დასჭირდებათ - სოფელი მარადიდი, რომელიც აკვნის ოსტატებით იყო ცნობილი

აჭარა - რაც უფრო ზევით ადიხართ, მით უფრო ლამაზი და ნამდვილია ყველაფერი. არ აქვს მნიშვნელობა ამინდს, წელიწადის დროს. აჭარის ტერიტორიაზე არსებული დაცული ტერიტორიებიც ერთმანეთისგან განსხვავებულია და მათ გარშემო მდებარე სოფლებიც გარკვეულ ერთიანობას ჰქმნის. საქართველოს ამ კუთხის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი კი მაჭახელას ხეობაა თავისი ტყეებით, ჩანჩქერებით, მთებზე შეფენილი სახლებით.

სწორედ მაჭახელაში დღემდე ინახავენ რამდენიმე უძველეს პროფესიას. მაგალითად ავიღოთ ლეგენდარული მაჭახელას თოფი, რომელსაც დღეს მხოლოდ ერთი - ნაგერვაძეების ოჯახი ამზადებს.

ხეობის კიდევ ერთ სოფელში ცხოვრობს ადამიანი, რომელიც ასევე ძველ ხელობას ფლობს და თავის საქმიანობაშიც ერთადერთია.

რაც დრო გადის, შეკვეთები კლებულობს. 21-ე საუკუნეში აკვანი მხოლოდ დეკორაციისთვის თუ დასჭირდებათ... არადა, სოფელი მარადიდი სწორედ აკვნის ოსტატებით იყო ცნობილი.

ქემალ ბედინაძის ნაკეთობები არაერთ მუზეუმში ინახება, მათ შორის - ბათუმის ეთნოგრაფიულ მუზეუმშიც. აკვნის გაკეთება არ არის მარტივი საქმე. ძირითადი კარკასის გარდა, მას ბევრი პატარა დეტალიც სჭირდება.

როგორც თავად ოსტატი ამბობს, აკვანი არ არის უბრალოდ ნივთი, რომელსაც შეიძენ და შემდეგ გადააგდებ. ეს ტრადიციაა, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება.

ამ ტრადიციას უკვე თითქმის არავინ იცავს. ამის მიზეზი სოფლებიდან ხალხის გადინებაც გახდა.
 
სოფელში მოსახლეობის კლებაზე გული სწყდება, თუმცა იმასაც ხვდება, რომ ახალგაზრდებს ქალაქი უფრო იზიდავს.

აი, ასე ცხოვრობს ადამიანი, რომელიც შესაძლოა ამ ხელობის ბოლო მცოდნე იყოს აჭარაში. ნაკეთობის რეალიზაცია რთულია, თუმცა დანებებას მაინც არ აპირებს. მის სახელოსნოში კიდევ ბევრი აკვანი გამოიჩარხება.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები