მოწყალე და თავმდაბალ პაპს ბავშვები მაშინაც არ ავიწყდებოდა, როცა წირვას ატარებდა - პატარებს უფლება ჰქონდათ, პაპ ფრანცისკეს მიახლოებოდნენ და შეხებოდნენ.
თავად ბავშვობა არგენტინაში გაატარა. ისტორიაში პირველი ლათინო-ამერიკელი პაპი ბუენოს აირესში, გასული საუკუნის 30-იან წლებში, ღარიბების უბანში დაიბადა.
მიგრანტების ხუთშვილიან ოჯახში ის უფროსი იყო. მომავალი პონტიფიკოსის მშობლები, ფაშიზმისგან თავის დასაღწევად, მშობლიური იტალიიდან არგენტინაში გაიქცნენ. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე მძიმე პნევმონიით დაავადდა და ექიმებმა ბავშვის გადარჩენა ფილტვის ნაწილის ამოღების შემდეგ შეძლეს. თუმცა, ამის შემდეგ ბერგოლიო სრულად მაინც ვერ გამოჯანმრთელდა.
ბავშვობაში ხორხეს ტანგოს ცეკვა უყვარდა. 12 წლის ასაკში შეუყვარდა ქალი, რომელმაც მისი მომავალი ცხოვრების გზა განსაზღვრა. ამალია დამონტე ბუენოს აირესში ფრანცისკეს მეზობლად ცხოვრობდა. ერთმანეთს გამუდმებით წერდნენ წერილებს. თუმცა, მათი სიყვარულის ამბავი მალევე დასრულდა. "თუ შენ ცოლად არ გამომყვები, მე გავხდები მღვდელი" - ეწერა წერილში, რომელიც 12 წლის ბერგოლიომ ამალია დამონტეს მისწერა. ამ ურთიერთობას ქალის მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ.
ფრანცისკემ პირობა წლების შემდეგ მართლაც შეასრულა და 32 წლის ასაკში მღვდლად ეკურთხა. სანამ სასულიერო ცხოვრებას დაიწყებდა, ხორხე მარიო ბერგოლიომ დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი ქიმიის სპეციალობით და მუშაობა დაიწყო ბუენოს აირესის ლაბორატორიაში.
ახალგაზრდობაში ბერგოლიო ღამის კლუბში დაცვად მუშაობდა და იატაკებს წმენდდა, პარალელურად, უნივერსიტეტში ქიმიას სწავლობდა. ბერგოლიო იეზუიტების ორდენში შევიდა, სადაც ფილოსოფიას სწავლობდა, ასევე ლიტერატურასა და ფსიქოლოგიას ასწავლიდა. 1973 წელს არგენტინის პროვინციული ეპარქიების ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაინიშნა. არგენტინასა და ურუგვაიში ხელმძღვანელობდა "იესოს საზოგადოებას“. მოგვიანებით, გერმანიაში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.
არგენტინაში ე.წ. "ბინძური ომის" (1976-1983) დროს, როდესაც ათასობით ადამიანი გაიტაცეს, აწამეს და მოკლეს, ბერგოლიოს ორი მღვდლის გაუჩინარებაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად. იმ ხანებში ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ არგენტინის ხუნტის გენერლებთან ბრძოლაში მომავალმა პაპმა ფრანცისკემ სათანადო ძალისხმევა არ გამოიჩინა. გაუჩინარებული მღვდლები აწამეს, მაგრამ საბოლოოდ ორივე ცოცხალი იპოვეს. ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ სინამდვილეში მათ გასათავისუფლებლად საიდუმლო სამუშაოს ეწეოდა. ფრანცისკე ბევრს დაეხმარა ქვეყნიდან გაქცევაშიც.
მღვდლად 1969 წელს აკურთხეს. 1998 წლიდან, ბუენოს აირესის მთავარეპისკოპოსი, 2001 წელს კი კარდინალი გახდა. არგენტინაში მისი მოღვაწეობის დროს მღვდელმსახურთა რიცხვი გაორმაგდა და ახალი სამრევლოებიც გაიხსნა.
მან უარი თქვა უმაღლესი სასულიერო პირების მრავალ ატრიბუტზე, ჩვეულებრივ ეკონომ კლასით დაფრინავდა და, წითელ-იისფერი მოსასხამის ნაცვლად, რომელიც მისი წოდებით ეკუთვნოდა, შავი სამონასტრო სამოსის ტარება ამჯობინა. მისი ქადაგებები ხშირად სოციალურ თემატიკასა და ხელისუფლებების კრიტიკას ეთმობოდა. განსაკუთრებულ აქცენტს კი მოსახლეობის ღარიბი ფენის დახმარებაზე აკეთებდა.
დიეგო მარადონას ქვეყანაში დაბადებულსა და გაზრდილს უყვარდა ფეხბურთი. როგორც თითქმის ყველა არგენტინელი, ისიც ფეხბურთის გულმხურვალე გულშემატკივარი იყო, ქომაგობდა დედაქალაქურ კლუბ "სან ლორენსოს". სპორტული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, პაპმა გაიხსენა თავისი ბავშვობა - როგორ დადიოდა მამასთან ერთად სტადიონზე და როგორ თამაშობდა თანატოლებთან ერთად ფეხბურთს ნაჭრის ბურთით.
ემოციებით შეხვდნენ არგენტინაში 2013 წელს მისი კათოლიკური სამყაროს წინამძღოლად არჩევას. ფრანცისკე, რომელიც კათოლიკური ეკლესიისა და ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურია, 266-ეა, რომელმაც პაპის ტახტი დაიკავა. სიქსტის კაპელას ბუხრიდან ამოსული თეთრი კვამლი იმის მანიშნებელი იყო, რომ ვატიკანს ახალი პაპი ჰყავდა. ხორხე მარიო ბერგოლიო გამარჯვებულთა სავარაუდო სიის ხუთეულშიც არ იყო, თუმცა მან მეხუთე კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობის მოპოვება შეძლო და რომის პაპი გახდა.
ფრანცისკეს წინამორბედი, ბენედიქტ XVI ასევე შევიდა ისტორიაში, როგორც თითქმის 600 წლის განმავლობაში პირველი პაპი, რომელმაც ნებაყოფლობით დატოვა თანამდებობა. ამის გამო, 10 წელი ვატიკანის ბაღებში გვერდიგვერდ დადიოდა ორი პაპი: მოქმედი და გადამდგარი.
2022 წელს ფრანცისკე გახდა პირველი პაპი ერთი საუკუნის შემდეგ, რომელმაც თავისი წინამორბედი დაკრძალა - ბენედიქტეს 95 წლის ასაკში გარდაცვალების შემდეგ.
რომის პაპი რომ გახდა, წმინდა ფრანცისკე ასიზელის სახელი დაირქვა - იმ წმინდანის, რომელიც გამოირჩეოდა უბრალოებით, თავმდაბლობით, სიყვარულითა და გაჭირვებულთადმი მზრუნველობით.
არჩევის მომენტიდან ფრანცისკემ შეცვალა კარდინალებთან ურთიერთობის წესებიც. მასთან მისულ კარდინალებს ის პაპის ტახტზე მჯდომი კი არა, გაცილებით არაფორმალურად, ფეხზე მდგომი იღებდა.
პაპის რანგში ყოფნისას, მან დიდი ძალისხმევა დახარჯა აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ათასწლოვანი განხეთქილების დასაძლევად. აღიარების ნიშნად, 1054 წლის დიდი სქიზმის შემდეგ პირველად, კონსტანტინოპოლის პატრიარქი რომის ახალი ეპისკოპოსის ხელდასხმას დაესწრო.
ფრანსისკ პირველი პირველია ამერიკის კონტინენტიდან, პირველია სამხრეთ ნახევარსფეროდან და პირველი არაევროპელი პაპია სირიელი გრიგოლ III-ის შემდეგ (741წ).
მოკრძალებული ცხოვრების წესი არც მაშინ შეცვალა, როცა რომის პაპი გახდა. გადაადგილდებოდა ავტობუსით და აკრიტიკებდა იმ სასულიერო პირებს, რომელთაც ექსტრავაგანტური ცხოვრების წესი ჰქონდათ. ტრადიციული ტანსაცმლის გარდა, პაპს უფლება აქვს, ატაროს წითელი ტყავის ფეხსაცმელი და ლეგენდარული "მეთევზის ბეჭედი". პაპის გარდაცვალების ან გადადგომის შემდეგ, მისი ბეჭედი ნადგურდება. ატარებდა უბრალო ფეხსაცმელებს და მოოქროვილ ვერცხლის ბეჭედს.
კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა უარი თქვა პაპებისთვის განკუთვნილ სასახლეში გადასვლაზეც და ვატიკანის სასტუმროში ცხოვრობდა - სასტუმრო კასა სანტა მარტას 201-ე ოთახში.
"კურიერი P.S.-ის" კამერამ, რამდენიმე თვის წინ, ექსკლუზიურად გადაიღო სასტუმრო, რომლის ერთ-ერთ ნომერშიც რომის პაპი ფრანცისკე ცხოვრობდა. პაპი რეზიდენციაში მხოლოდ მაშინ მიდის, როცა მაღალი რანგის პოლიტიკოსები სტუმრობენ. საუკუნოვანი ტრადიციის მიხედვით, რომის პაპს შვეიცარიული გვარდიის ჯარისკაცები იცავენ. ისინი დღემდე მიქელანჯელოს მიერ რეკომენდებულ საპატიო სამოსს ატარებენ.
პაპი ფრანცისკე ხშირად სტუმრობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პატიმრებს, ავადმყოფებს უსახლკაროებსა და ხანდაზმულებს. მიუხედავად იმისა, რომ პაპი ფრანცისკეს ხელმძღვანელობით კათოლიკურმა ეკლესიამ არაერთი ფუნდამენტური ცვლილება განიცადა, მან შეძლო პოპულარობის შენარჩუნება კონსერვატიული შეხედულებების მიმდევრებშიც კი.
პაპი ფრანცისკე ოცამდე წიგნის ავტორი და თანაავტორია. საუბრობდა იტალიურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე, ასევე ინგლისურად, ფრანგულად და პორტუგალიურად. კათოლიკური ეკლესიის სულიერი წინამძღვრობის გარდა, იგი ქალაქ-სახელმწიფო ვატიკანის პოლიტიკური ხელმძღვანელიც იყო და მსოფლიო პოლიტიკაში მისი პოზიცია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. პაპის მოღვაწეობა ფართომასშტაბიანია და ეხება გლობალურ პრობლემებს.
საეკლესიო მოძღვრების ბევრ საკითხში პაპი ფრანცისკეს ტრადიციული მიდგომები ჰქონდა- 2013 წელს, რომის პაპად არჩევისთანავე, მან მონაწილეობა მიიღო რომში აბორტების წინააღმდეგ გამართულ მარშში. ამბობდა, რომ ეკლესიამ უნდა მიიღოს ადამიანები მათი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, მაგრამ დაჟინებით ამბობდა, რომ გეი წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანა მათი დისკრიმინაციის ფორმაა.
ერთხელ ლოცვის დროს ატირდა კიდეც, ეს მაშინ მოხდა, როცა უკრაინა ახსენა. ჯერ ხმა აუკანკალდა, შემდეგ სიტყვის გაწყვეტა მოუწია. პაპმა ლოცვის გაგეძლება, დაახლოებით, ნახევარი წუთის შემდეგ შეძლო. ადანაშაულებდნენ აგრესორის მიმართ სიმპათიებშიც.
პაპი ფრანცისკე ორდღიანი ვიზიტით საქართველოსაც სტუმრობდა. მიხეილ მესხის სტადიონზე ლიტურგია აღავლინა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი კათოლიკოს პატრიარქთან ერთად მოინახულა.
წმინდა პეტრეს მოედანზე მარტო მყოფი პონტიფიკოსის კადრები ისტორიას სამუდამოდ დარჩება. 5 წლის წინ, პანდემიის გამო ხალხისგან დაცლილ მოედანზე პაპმა ისტორიაში პირველად მარტომ აღავლინა ლოცვა. მხოლოდ ინტერნეტით მის მიმართვას 11-მა მილიონმა ადამიანმა უყურა.
ბოლოს ისვე ფილტვების პრობლემამ იჩინა თავი. ფრანცისკე პნევმონიით დაავადდა. პაპის გადასარჩენად, ექიმები საავადმყოფოში რამდენიმე კვირის განმავლობაში იბრძოდნენ. დაიღუპა აღდგომის ორშაბათს, ერთი დღით ადრე კი კათოლიკე მრევლს წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან მიმართა და აღდგომის დღესასწაული მიულოცა. პაპი აივანზე ეტლით გაიყვანეს.
პაპი ფრანცისკე ანდერძში მადლობას უხდიდა ყველას, ვისაც უყვარდა და მისთვის ლოცულობდა. უკანასკნელ წერილს კი ასრულებს სიტყვებით, რომ ცხოვრების ბოლო პერიოდის ტანჯვას უფალს უძღვნის მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და ხალხთა შორის ძმობისთვის.
ის იყო პაპი ზედმეტი ფუფუნების გარეშე, ისე დაკრძალეს, როგორც რიგითი ქრისტიანი. დაკრძალვის ცერემონიის ხარჯებიც ქველმოქმედებით დაიფარა.
კათოლიკური ეკლესიის ტრადიციის მიხედვით, რომის პაპი პეტრე მოციქულის მემკვიდრეა - ქრისტეს უბრალოებით გამორჩეული მოწაფის. ფრანცისკე - მხოლოდ ეს ერთი სიტყვა ეწერება თავმდაბალი პონტიფიკოსის საფლავს, ადამიანების მეხსიერებაში კი წმინდა საყდრის მეთაური საკაცობრიო სათნოებისა და იმედის სიმბოლოდ სამუდამოდ დარჩება, რომელმაც მთელი ცხოვრება უბრალოების გზით იარა და ყველას ამის მაგალითი მოგვცა.