21 ივნისი 2026,   14:06
ვრცლად
ოკუპანტებმა ოდესას დრონებით შეუტიეს - დაზიანებული და განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სახლები, სასწავლო დაწესებულებები და სატრანსპორტო საშუალებები

ომი გრძელდება უკრაინაში - ოკუპანტებმა ოდესას დრონებით შეუტიეს. დაზიანებული და განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები, სასწავლო დაწესებულებები და სატრანსპორტო საშუალებები.

ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე აფეთქებების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მობილიზებულია ასამდე მეხანძრე მაშველი და 21 ერთეული სპეციალური ტექნიკა. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია სამი დაშავებულის შესახებ.

რთული ვითარებაა უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზეც, განსაკუთრებით სასაზღვრო რეგიონებში. სუმის ოლქის დასახლებებს რუსეთის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში საარტილერიო ცეცხლი 189 ჯერ გაუხსნეს. დაფიქსირდა 410 აფეთქება. დაიღუპა ერთი მოქალაქე.

შეტაკებები არ წყდება ფრონტის ხაზზეც. უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგესთან 121 საბრძოლო შეტაკება მოხდა, მათგან თითქმის ნახევარი პოკროვსკის მიმართულებით.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, კირ სტარმერს ესაუბრა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები ხვალ ლონდონში შეხვედრას გამართავენ.

"მზად ვართ, როგორც ადრე, მაქსიმალურად კონსტრუქციული გზით ვიმოქმედოთ, რათა მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და შემდეგ რეალური და მდგრადი მშვიდობის დამყარებას. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც დაგვეხმარა. უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯი უნდა იყოს", - წერს ზელენსკი X-ზე.

დღის ამბები