28 აგვისტო 2026,   10:59
ვრცლად
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - ოპოზიცია ერთიანი პოზიციის გარეშეა, მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ მათი ოპონენტები ახლა დირექტივის მოლოდინში არიან

გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, თუმცა გახარიას პარტიამ არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. პარტია "საქართველოსთვის" წევრები ამბობენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და ამიტომ, კონკრეტული პოზიციის გახმოვანებას არ ჩქარობენ.

გახარიას პარტიის თავშეკავებულობა, "ნაციონალურ მოძრაობას" ეჭვებს უჩენს. თავად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი დიდი ხნის წინ თქვეს და იმავეს ელიან კოლეგებისგან.

მკაფიო პოზიცია აქვთ "გირჩში", სადაც მუნიციპალური არჩევნებისთვის რესურსების მობილიზება უკვე დაიწყეს. დარწმუნებული არიან, რომ წინასაარჩევნო მარათონში ჩართვის სურვილი სხვებსაც აქვთ, თუმცა ამ სურვილის ხმამაღლა გაჟღერების ოპოზიციას ეშინია.

"ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ოპოზიცია ახლა დაგვიანებული დირექტივის მოლოდინშია და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტების სიტყვებს ფასი არ აქვს, ამის თქმის საფუძველს კი "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური წარსული და ოპოზიციის მხრიდან შეცვლილი გადაწყვეტილებები აძლევს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს პრემიერმა ჟურნალისტებს შეკითხვას უპასუხა. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების ოპონენტები 64-ვე მუნიციპალიტეტში დამარცხდებიან.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვე რჩევა, ოპოზიციას კი ერთიანი პოზიცია ისევ არ აქვს. ვინ დარჩება გადაწყვეტილების ერთგული და ვის ვიხილავთ 4 ოქტომბერს საარჩევნო ბიულეტენზე, ეს უახლოეს მომავალში უნდა გაირკვეს.

ავტორი: ნანა გოგატაძე. 

დღის ამბები