"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი", სახელმწიფო და პროფკავშირები - სამმხრივი კომისია მუშაობას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრების პარალელურად, უკვე გამოკვეთილია კონკრეტული შედეგებიც. მაღაროში დასაქმებულებმა იანვრის ხელფასის 60 პროცენტი მიიღეს, სააღდგომოდ კი ანაზღაურების 60 პროცენტი ისევ დაერიცხებათ. დასაქმებულებს უნარჩუნდებათ დაზღვევაც. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მიმდინარე პროცესში სახელმწიფო ბალანსის პოვნას ცდილობს. მათივე განცხადებით, ფინანსური კრიზისის ფონზე, კომპანიის პოზიცია გასაგებია, თუმცა მსგავსი ბიზნესის წარმოებას, სოციალური პასუხისმგებლობაც ახლავს თან.
მოლაპარაკებების პროცესში სახელმწიფოს ჩართულობაზე აკეთებენ აქცენტს პროფკავშირებში. ამბობენ, რომ სამმხრივი კომისიის მუშაობის საბოლოო შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიშიც". ამბობენ რომ "სი-ემ-სი" ამ პასუხისმგებლობას გრძნობს და სწორედ აქედან გამომდინარე, კომპანიას ათეულობით მილიონი ლარის ზარალის მიუხედავად, მაინც ამუშავებდა. მათივე განცხადებით, ამ ვითარებაში კომპანიის მიმართ ზეწოლა არასწორია და ახლა მთავარი მხარეების ინტერესების გათვალისწინებით, ოპტიმალური გამოსავლის მოძიებაა.
დაინტერესებული მხარეები ახლა სამმხრივი მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინში არიან. ჭიათურაში კი პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სამეწარმეო პროცესის აღდგენაა. მაღაროებში, მოპოვებით სამუშაოები, ამ დროისთვის სრულად შეჩერებულია.