რომი, ტურინი, ნეაპოლი, მილანი - იტალიის 20 ქალაქში ბოლო დღეების განმავლობაში სტუდენტების და სკოლის მოსწავლეების დემონსტრაციები არ წყდება.
პროტესტის მიზეზი ევროკომისიის შეთავაზებული ""გადაიარაღების"" პროგრამაა. გაფიცულები ითხოვენ შეიარაღების მაგივრად ევროკავშირმა ფული განათლებასა და ჯანდაცვაში დახარჯოს.
პროტესტის ეპიცენტრია ტურინი, კასტელოს მოედანზე ათობით ახალგაზრდამ, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ჯორჯა მელონის, იტალიის განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების პორტრეტებს ბოსტნეული ესროლა. სტუდენტები იტალიის განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ და იტალიის პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.
მილანში სტუდენტებისა და მოსწავლეების პროტესტს ლექტორები და პედაგოგები შეუერთდნენ. მერიის შენობასთან შეკრებილი ასობით ადამიანი სკანდირებდნენ ფრაზებს ""საკმარისია იარაღის შესყიდვა, ""ფული სკოლებისთვის და უნივერსიტეტებისთვის გვჭირდება".
სტუდენტებთან ერთად, ევროკავშირის გადაიარაღების გეგმას, რომელიც 800 მილიარდის ევროს გამოყოფას და შეიარაღების სფეროს გაძლიერებას ითვალისწინებს აპროტესტებს იტალიის ოპოზიცია. ""ხუთი ვარსკვლავის"" მოძრაობის მოწოდების შემდეგ რომის ქუჩებში 80 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. დემონსტრაციას იტალიის მემარცხენეები და მწვანეებიც შეუერთდნენ.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.