14 აგვისტო 2026,   03:51
ვრცლად
"დედას უყურებდა და დედის ხმა იყო მისთვის პირველი ემოცია, რაც გაიგო ბავშვმა" - ექსკლუზიური ინტერვიუ ექიმთან, რომელიც 2 წლის ევას სმენის აღდგენაში დაეხმარა, პატარას პირველი რეაქციის კადრებმა კი სოციალური ქსელი მოიცვა

ორი წლის ევამ დღეს პირველად გაიგონა დედის ხმა. სმენის აპარატის ჩადგმის შემდეგ, ვიდეო, სადაც მისი ემოციური რეაქციაა აღბეჭდილი, სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. კადრებში ჩანს, როგორ აღიქვამს პატარა მისთვის აქამდე უცნობ, თუმცა ყველაზე ძვირფასი ადამიანის, დედის ხმას. ბავშვისთვის პირველი ხმების აღქმას ემოციურად ხვდებიან დედა და ევას ექიმიც. ახლა უკვე 2 წლის გოგონა, ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როცა სმენის სრული დაკარგვის დიაგნოზი დაუსვეს. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, მაღალტექნოლოგიური კოხლეარული იმპლანტი, რომლის ღირებულება 40 000 ლარია, სახელმწიფომ სრულად დააფინანსა. 

ამ უნიკალურ ოპერაციაზე Rustavi2.ge-თან ექსპკლუზიურ ინტერვიუში საკუთარ ემოციებზე საუბრობს ექიმი ზურაბ გამგებელი, ის დეტალურად გვიყვება პატარა პაციენტის, მისი დედის და საკუთარ ემოციებზე, ასევე განმარტავს, როდის არის რეკომენდირებული იმპლანტაციის პროცედურა და რა გზას გადის პაციენტი რეაბილიტაციის პროცესში.

პირველ რიგში გკითხავთ, როგორი იყო თქვენი ემოცია, როცა ევას და მისი დედის რეაქცია ნახეთ?

"ნამდვილად გულისამაჩუყებელია. მე უკვე ამ საქმეში 26 წელიწადია ვარ და ეს პირველი შემთხვევა არ არის, საბედნიეროდ. ბევრი პაციენტი გვყავს უკვე იმპლანტირებული, დაახლოებით 700-მდე. ამათგან უმეტესობა ბავშვები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მაქვს ნანახი ეს პროცესი, მაინც გულისამაჩუყებელია. დედას უყურებდა და დედის ხმა იყო მისთვის პირველი ემოცია, რაც გაიგო ბავშვმა. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდება და ნორმაში დგება და ექნება ჩვეულებრივი სმენა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბავშვი ჩვეულებრივად იმეტყველებს და გაწევრიანდება სოციუმში. უმეტესი ჩვენი ბავშვი ცეკვავს, მღერის და ა.შ."

ყველაზე პატარა პაციენტი რამდენი წლის იყო, ვისაც მსგავსი იმპლანტაცია ჩაუტარდა?

"საერთოდ 11-12 თვიდან ვუკეთებთ ოპერაციას, წლამდე. ყველაზე პატარა, ვისაც გავუკეთეთ, მგონი იყო 10-11 თვის. შარშან დაიწყო ინტენსიურად ეს პროგრამა პოსტლინგუალებზე, ანუ სმენა ვინც დაკარგა. მეოთხე ხარისხთან ახლოს რაც არის, სტანდარტული სასმენი აპარატი არ შველის, უკვე ეს პაციენტები ჩაერთნენ ამ პროგრამაში, რაც ძალიან სასიხარულოა და შვებას ჰგვრის ამ პაციენტებსაც. ვუბრუნებთ სმენას და ვუბრუნებთ ჩვეულებრივ სოციუმს.

რასაკვირველია, სხვა კვლევებიც კეთდება, მაგრამ პირველი ხელმისაწვდომი კვლევა არის აუდიოგრამა, აქედან გამომდინარე, მერე მიდის შემდეგი კვლევები", - ამბობს ექიმი.

- რომელ პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია კოხლეარული იმპლანტის ჩანერგვაზე?

"მეოთხე ხარისხის სმენის დაქვეითება ვისაც აქვს, ამ პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია კოხლეალურ იმპლანმტაციაზე", -აღნიშნა ზურაბ გამგებელმა.

- პრაქტიკიდან გამომდინარე, პაციენტებში ადაპტაციისთვის საჭირო პერიოდი რამდენია?

"ყველაზე მძიმე პერიოდი პირველი წელიწადია იმპლანტაციიდან, როცა ხდება სამეტყველო პროცესორის მორგება, იმ დღიდან მოყოლებული წელიწადი ყველაზე რთული პერიოდია, როცა ხდება სმენის სამყაროში შესვლა, შემდეგ მეტყველების თერაპევტთან მუშაობა და ა.შ. ნელ-ნელა შეგვყავს სმენის სამყაროში და ეს ხდება დროში გაწერილად. ჭრილობის შეხორცება მალე ხდება, მაგრამ შიდა პროცესი ბევრად რთულია. იმპლანტი მაინც უცხო სხეულია და ხდება მისი კაფსულიზაცია. ეს იწვევს იმის აუცილებლობას, რომ მოხდეს პერიოდულად მორგება, რომ სმენა იყოს ნორმაში. შემდეგ პრაქტიკულად ეს უკვე ფიზიოლოგიური სმენაა პაციენტის", - ამბობს ექიმი.

- არის რაიმე რეკომენდაციები, რომელიც უნდა დაიცვას პაციენტმა იმპლანტაციის შემდეგ?

"რასაკვირველია უნდა დაიცვას სიფრთხილე, სისუფთავე და ა.შ. თავის ტრავმის საშიშროებაა, რომ იმპლანტი არ დაზიანდეს. ამ რეკომენდაციებს მშობლებს ვაძლევთ. გვქონდა რამდენიმე შემთხვევა რეიმპლანტაციის, ბევრი არა საბედნიეროდ", - განმარტავს ექიმი.

- როდის იწყებენ მეტყველებას პაციენტები იმპლანტაციის შემდეგ?

"ეს ინდივიდუალურია, მშობლები რამდენად იღებენ ამაში მონაწილეობას, რასაკვირველია, მეტყველების თერაპევტის გამოცდილებაც მნიშვნელოვანია და რასაკვირველია, ჩემი დახმარებაც. მე მაქსიმუმს ვაძლევ ბავშვებს, დანარჩენი უვე ინდივიდუალურია", - აღნიშნა ზურაბ გამგებელმა.

- რამდენ ხანში ერთხელ არის საჭირო თქვენი მეთვალყურეობა, მოვიდეს პაციენტი, შემოწმება ჩაუტარდეს და როგორია იმპლანტაციის შემდგომი პროცედურები?

"ბავშვებთან მიმართებაში, რომლებსაც სმენის გამოცდილება არ აქვთ, პირველი ჩართვიდან ორი კვირის შემდეგ ვიბარებთ, შემდეგ თვეში ერთხელ გვაქვს ვიზიტი, იმიტომ რომ ადაპტირება სჭირდება. შემდეგ ნელ-ნელა მივიწევთ წინ ნაბიჯებით. გარდა ამისა, კვირაში ორჯერ თუ სამჯერ დადიან მეტყველების თერაპევტთან. ზრდასრულ ადამიანებთან გაცილებით მარტივად ხდება ყველაფერი. ვისაც ესმოდა, ვინც მეტყველებს და უბრალოდ სმენა დაკარგა და ჩატარდა სმენის აღდგენითი ოპერაცია. გაიდლაინის მიხედვით, აუცილებელია წელიწადში ერთხელ კონსულტაცია, კონტროლი, იმპლანტის შემოწმება, პროგრამის კორექტირება და ა.შ." - აცხადებს "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ექიმი ზურაბ გამგებელი.

დღის ამბები