01 სექტემბერი 2026,   18:25
ვრცლად
არეულობა ოპოზიციურ ველზე და ვერშემდგარი ერთობა - "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის გეგმებისა და მოქმედებების მიღმა კვლავ გარე ძალების კვალს ხედავს

ერთობის იდეამ ოპოზიცია ისევ გაყო, წყალგამყოფად კი მთავარ გამაერთიანებლად გამოცხადებული სალომე ზურაბიშვილის ეპილოგი იქცა. ყოფილი პრეზიდენტის მიწვევით მისულმა ხალხმა ისევ ის კინო ნახა, რომელიც ყველას უკვე ნანახი ჰქონდა, ერთ მოქმედ გმირს სცენის დატოვება მისივე მხარდამჭერების ბოიკოტისა და ბრაზის ფონზე მოუწია. სალომე ზურაბიშვილის წასვლის შემდეგ სცენაზე პაატა ბურჭულაძე ავიდა.

ასე იქცა 31 მარტი და სალომე ზურაბიშვილის 30 წუთიანი სიტყვა ოპოზიციისთვის უთანხმოების ახალ ფაზად. ზოგი ახალი პლატფორმის, თუმცა ძველი შინაარსით შექმნის იდეამ გააბრაზა, ზოგმა ყოფილი პრეზიდენტი დივერსიაშიც დაადანაშაულა, სოციალურ ქსელში ბევრს წაკითხული ლიტერატურა და სხვადასხვა გმირი გაახსენდა, თუმცა ძირითადი ბრაზი მეხუთეს ფონზე მესამის ბანერების გამოჩენამ გამოიწვია. ვინ იდგნენ სააკაშვილის ფოტოებს მიღმა, ვინ უსტვენდა და ვინ უყვიროდა სალომე ზურაბიშვილს? "ნაციონალურმა მოძრაობამ" პირდაპირ თქვა, რომ მათი ლიდერის ბანერების მიღმა მათივე მხარდამჭერები იყვნენ, სალომე ზურაბიშვილმა კი ბრაზი არამხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის", არამედ სხვა პარტიების მხარდამჭერებშიც გამოიწვია.

ის, რაც "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან უკმაყოფილებად აღიქმება, პროვოკაციაა გახარიას პარტიისთვის. სცენის მიღმა მომხდარის მომწყობად კი ყოფილ სახელისუფლებო პარტიას აცხადებენ. ამბობენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროცესში საკუთარი თავი ვეღარ დაინახა და სალომე ზურაბიშვილის მიმართ თავდასხმები დაიწყო.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკა ვერც "ძლიერ საქართველოში დამალეს." პარტიაში ფიქრობენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს კოორდინაციის მიმართულებით მეტის გაკეთება შეეძლო.

ზოგმა მწვავე კრიტიკისგან თავი შეიკავა, ზოგიც სალომე ზურაბიშვილის შეხვედრაზე არ მივიდა, ზოგი საერთოდ პარტიიდან წავიდა და სხვა მიზეზებთან ერთად ისიც აღიარა, რომ არ სჯერა იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღიც სალომე ზურაბიშვილია, თუმცა სანამ "გირჩი მეტი თავისუფლება" პარტიის მინუს სამ წევრს ითვლის, მთავარი "გირჩი" პროცესებს შორიდან აკვირდება და ვერც გაკვირვებას მალავს, გაკვირვებას იმ პოლიტიკური აქტორების მიმართ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს ენდნენ და გაერთიანების ფსონიც მასზე დადეს.

ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური გემოვნების ცვლა არ უკვირს მმართველ გუნდს. "ქართული ოცნებისთვის" დამჯერებელი არც ოპონენტების ერთიანობის მცდელობა იყო. სახელისუფლებო პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, გარე ძალების დავალებებით მოქმედებს.

არეულობა და ქაოსური მდგომარეობა ოპოზიციურ ველზე - ასე ხედავს მმართველი გუნდი ოპონენტების რეალობას და დღის წესრიგს. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილიც და მის ირგვლივ მოთამაშე აქტორებიც, ახალ სცენარს და დავალებას ელოდებიან, თუმცა სანამ ოპოზიცია ელოდება, სახელისუფლებო პარტია საკუთარ დაპირებას იხსენებს და ოპოზიციური პოლიტიკური ველის გაჯანსაღებზე საუბრობს.

სალომე ზურაბიშვილის გეგმებისა და მოქმედებების მიღმა გარე ძალების კვალს ხედავს მთავრობის მეთაური. ქვეყნის პრემიერ მინისტრი აცხადებს, რომ ე.წ. დიფსთეითს სალომე ზურაბიშვილის, პოლიტიკური ველიდან გაქრობა აქვს დაგეგმილი.

სალომე ზურაბიშვილის ბოლო გამოჩენა და ბოლო აკორდი, შესაძლოა ვერ შემდგარი ერთობის ეპილოგად იქცეს. წინ თვიმმართველობის არჩევნებია, პოლიტიკური აქტორების დღის წესრიგში კი წინასაარჩევნო სამზადისი უნდა იყოს, თუმცა ესეც ის საკითხია ოპოზიციურ ველზე კიდევ ერთი დაპირისპირების თემად რომ იქცა. 

დღის ამბები