ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონში მიემგზავრება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, აშშ-ის წამოწყებული სატარიფო ომის განმავლობაში პირველია, ვინც დონალდ ტრამპს გადასახადების პირობების შესათანხმებლად პირისპირ შეხვდება.
ვიზიტის შესახებ განცხადებები ორივე მხარემ გააკეთა. მათი თქმით, ორშაბათს ჩანიშნულ შეხვედრაზე პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი, ისრაელზე დაკისრებული ტარიფების გარდა ისაუბრებენ თურქეთთან ურთიერთობის, ღაზის სექტორში დატყვევებული მძევლებისა და ისრაელის საერთაშორისო სასამართლოსთან დაპირისპირების შესახებ.
"პრეზიდენტ ტრამპს ვხვდები. განვიხილავთ მძევლების და ღაზაში ომის დასრულების საკითხებს, ასევე, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ისრაელისთვის დაწესებული ტარიფების შესახებ.
შემიძლია გითხრათ, რომ მე ვარ პირველი საერთაშორისო ლიდერი, რომელიც ტრამპს ისრაელის ეკონომიკის ასეთ სერიოზულ საკითხთან დაკავშირებით ხვდება. ვფიქრობ, ეს მიუთითებს ჩვენს პირად და ქვეყნებს შორის კავშირზე, რაც ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.