01 სექტემბერი 2026,   12:00
ვრცლად
გურიის პოლიციამ ნასაკირალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა. მან სახლში მყოფ ქალს ცივი იარაღით სიცოცხლისთვის საშიში, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უწყების ცნობით, მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალბატონი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები