დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები მსოფლიოში ისევ განხილვის თემაა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სოციალურ ქსელში საბაზრო ინდექსების კლების ამსახველი ფოტო გაავრცელა და დაწერა - "დროა, აშშ-მა შეწყვიტოს არასწორი ქმედებები და სავაჭრო პარტნიორებთან უთანასწორობა თანასწორი კონსულტაციების გზით მოაგვაროს".
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კი ტრამპის მიმართ გამაფრთხილებელი გზავნილები ისმის. იტალიის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყანა შტატებთან ურთიერთობების დეესკალაციას ცდილობს.
თურქეთში კი ამბობენ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დაწესებული ტარიფებით მათ სარგებლის მიღება შეუძლიათ. ვიცე-პრეზიდენტ ჯევდეთ ილმაზის განცხადებით, თურქეთი ყურადღებით უნდა დააკვირდეს, თუ რა საპასუხო ზომებს მიიღებენ სხვა ქვეყნები.
"თურქეთთან მიმართებაში 10-პროცენტიანი ტარიფები გამოცხადდა. ჯერჯერობით ეს ჩვენთვის სასარგებლოა. ტარიფების ზრდა იქამდე მიდის, რომ ქვეყნები, რომლებიც ამერიკის ბაზარზე ყიდიან პროდუქტს, აგრესიულად გადადიან სხვა ბაზრებზე და ჩვენ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. მეორე მხრივ, საქონელზე ფასებმა დაიკლო, ამიტომ ამ თვალსაზრისით დადებით ეფექტზე შეიძლება ვისაუბროთ," - აცხადებს ჯევდეთ ილმაზი.