თავდაცვის მინისტრმა თბილისში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ახალი ცენტრი გახსნა.
სააგენტოს დაარსებიდან ერთი წლის იუბილეს დაემთხვა ღონისძიება, რომელიც პირადი შემადგენლობის დაჯილდოებით გაგრძელდა. ახალი კოდექსით სავალდებულო სამხედრო სამსახური განახლდა და პირველი იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამსახურით შეიცვალა, რომლის გავლაც მხოლოდ თავდაცვის ძალებშია შესაძლებელი.
"ამ სააგენტოს ჩამოყალიბება უკავშირდება უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც გულისხმობს ახალი მეთოდითა და სისტემით სამხედრო გაწვევების ორგანიზებას. ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ უკვე ორი თვეა ამ ახალი სისტემით ვმოქმედებთ და უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს სახეზე. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სააგენტოს ჩამოყალიბებაში. ხაზი მინდა გავუსვა იმ მონდომებას, რომელიც აქვს ჩვენს სამხედროებს", - აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.