30 მილიარდ 600 მილიონი ევრო - ამ თანხას გამოუყოფს ევროკავშირი უკრაინას მიმდინარე წლის განმავლობაში. გადაწყვეტილება მიიღეს ბრიუსელში, ევროპული საბჭოს გუშინდელ საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც გვიან დასრულდა.
გამოქვეყნდა ასევე უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამოქმედო გეგმა და ისიც, თუ როგორ უნდა მოხდეს ევროპის თავდაცვის გაძლიერება. დახმარების მიღების პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ მისი ქვეყანა ყველაზე მეტად არის დაინტერესებული მშვიდობით- აქვე მან დააანონსა ვიზიტი საუდის არაბეთში, რომელიც მომდევნო კვირაში ამერიკელებთან მოლაპარაკების მიზნით დაიგეგმა.
"ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა. აქ განსხვავება ისაა, რომ 26 ქვეყანა თვლის, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაა. უნგრეთი განზე გადგა ამ კონსენსუსისგან — ის მარტოა. ერთი ქვეყანა მარტო განხეთქილებას ვერ შექმნის. 26-ვე სახელმწიფო ერთიანი რჩება საერთო პოზიციით და გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, როგორც ეს ომის პირველი დღიდან ხდებოდა. რამდენიმე წევრმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა 15 მილიარდ ევრომდე დაპირება. დღეს, ჩვენ ასევე დავავალეთ საბჭოს, რომ სასწრაფოდ იმუშაოს შემდგომ ინიციატივებზე უკრაინის მწვავე სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებების გადასაჭრელად", - განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ.