02 სექტემბერი 2026,   21:28
ვრცლად
შუა დერეფანი და პოტენციური ინვესტიციები ცენტრალური აზიიდან - რა შედგებით ბრუნდება საქართველოს დელეგაცია ტაშკენტიდან

ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო საუბრის ძირითადი საკითხები საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ მინისტრების შეხვედრაზე. ყურადღება გამახვილდა ორი სახელმწიფოს სავაჭრო პარტნიორობასა და სავაჭრო ბრუნვის ზრდის მხრივ არსებული პოტენციალის ათვისებაზე. დღესვე, პრემიერ-მინისტრმა უზბეკი კოლეგა საქართველოში დაპატიჟა.

უზბეკეთის პრემიერის შემდეგ ირაკლი კობახიძემ დელეგაციის წევრების ნაწილთან ერთად პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლა. შავკატ მირზოევთან საუბრის დროს ყურადღება გამახვილდა დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე და შუა დერეფნის განვითარების კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე. საუბარი იყო საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაზე, საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანა ინვესტორებს სთავაზობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე თანამშრომლობისთვის სპეციალური გზამკვლევი შეიქმნება.

ოფიციალური მონაცემებით, უზბეკეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში მზარდი დინამიკა ფიქსირდება. 2024 წლის მონაცემებით, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 40 პროცენტით გაიზარდა, მნიშვნელოვანი ზრდაა სატვირთო გადაზიდვებში. უკვე განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით მსჯელობა ორი ქვეყნის ეკონომიკური მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომაზე გაიმართა. ლევან დავითაშვილი დელეგაციის წევრებთან ერთად უზბეკეთის ვიცე პრემიერს და ამავე დროს ინვესტიციებისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ჯამშიდ ხოჯაევს შეხვდა.

ეკონომიკურ ნაწილთან ერთად უზბეკეთის და საქართველოს მთავრობის წევრები იმ პოლიტიკური პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზეც საუბრობენ, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. სწორედ ამ საკითხებს ეხებოდა შეხვედრა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მის უზბეკ კოლეგასთან გამართა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი უზბეკეთში დასრულებულია. დელეგაცია მაღალი რანგის შეხვედრებს ტაშკენტში 2 დღის განმავლობაში მართავდა.

დღის ამბები