21 ივნისი 2026,   15:10
ვრცლად
"ჩვენ ჯერ არ განგვიხილავს უკრაინისთვის დახმარების შეჩერება, შემიძლია, გაგცეთ პასუხი, შემდეგ კი დავბრუნდე ჩემს ოვალურ კაბინეტში და აღმოვაჩინო, რომ ეს პასუხი უკვე მოძველდა, ეს ბიზნესის მსგავსია" - ტრამპი

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთმა წაიღო საქართველო, ობამას დროს მიიღო ყირიმი, მისი მმართველობის პირობებში კი მსგავსი არაფერი მომხდარა. "ბაიდენის დროს მთელი უკრაინის მიღება სცადეს - მე რომ არ მოვსულიყავი, მიიღებდნენ კიდეც", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. ტრამპს სჯერა, რომ რუსეთს სურს გარიგების დადება და დარწმუნებულია, რომ ეს არის უკრაინელი ხალხის სურვილიც.

მან ისაუბრა ომში მყოფი ქვეყნის დახმარების საკითხზეც, აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ მიუღია გადაწყვეტილება, შეაჩერებს თუ არა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.

თუმცა მედია უკვე წერს, რომ ტრამპმა უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა შეუჩერა.

"პრეზიდენტ ბუშის პირობებში, რუსეთმა წაიღო საქართველო. ასე არ არის? პრეზიდენტ ობამას პირობებში, მათ მიიღეს წყალქვეშა ხომალდების მშვენიერი დიდი ბაზა. მიწის მშვენიერი დიდი მონაკვეთი, სადაც წყალქვეშა ხომალდები აქვთ, იცით, ასევე ყირიმი. პრეზიდენტ ტრამპის პირობებში, მათ არაფერი მიუღიათ, და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის პირობებში, შეეცადნენ მთელი უკრაინის წაღებას.

მე რომ თეთრ სახლში არ დავბრუნებულიყავი, ისინი ამასაც წაიღებდნენ. მე უკრაინას მივეცი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, დავუწესე სანქციები რუსეთს, მივეცი ჯაველინები, რომლებიც ტანკებს გააუვნებელყოფენ. ეს ტანკები კიევისკენ მიემართებოდა, ასობით ტანკი, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელი იყო. პუტინი თავად გეტყოდათ, რომ ეს მათთვის კარგი რამ არ ყოფილა.

ჩვენ ჯერ არ განგვიხილავს უკრაინისთვის დახმარების შეჩერება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რაც შემდგომ მოხდება. ბევრი რამ ხდება ახლა, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ. შემიძლია, გაგცეთ პასუხი, შემდეგ კი დავბრუნდე ჩემს კაბინეტში, ჩემს ოვალურ კაბინეტში და აღმოვაჩინო, რომ ეს პასუხი უკვე მოძველდა. ეს ბიზნესის მსგავსია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები