წარმოდგენილი მასალის გარდა, პროკურატურა არასამთავრობო სექტორისგან კონკრეტული გვარების დასახელებას ითხოვს. დაკითხვების დასრულების შემდეგ დღესაც გაირკვა, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, შესაძლო დარღვევებში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულიც არ ჰყავთ. მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, პროკურატურას დღეს ჩვენება დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტისა და ორგანიზაცია ღია სივრცე კავკასიის - თავმჯდომარეებმა მისცეს. ისინიც წინამორბედების მსგავსად, ძირითად არგუმენტად მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ასახელებდნენ.
გამოძიება მოწმეებისგან სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებში მონაწილე პირების დასახელებასაც ითხოვდა, თუმცა საქმის პროკურორი ამბობს, რომ არცერთს კონკრეტული ფაქტი ან სახელი და გვარი არ უთქვამს.
პროკურატურას უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია. ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების მანიპულაციის მთავარი მტკიცებულება მათთვის სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია და საჯარო განცხადებებია.
სახელისუფლებო გუნდი კი ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს ტყუილსა და სპეკულაციებში ადანაშაულებს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არჩევნების შესაძლო მანიპულაციის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.
პროკურატურამ, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიება, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ჩატარდა 800-მდე საგამოძიებო მოქმედება. გამოიკითხა ასობით მოწმე, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარე და კომისიის წევრები, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები.