22 ივნისი 2026,   07:23
ვრცლად
თებერვლის მიწურულს დაწყებული ომი თებერვლის სამშვიდობო მოლაპარაკებებმა შესაძლოა დაასრულოს - რა შედეგამდე მიიყვანს მხარეებს დაგეგმილი შეხვედრები

თებერვლის მიწურულს დაწყებული ომი, თებერვლის სამშვიდობო მოლაპარაკებებმა შესაძლოა დაასრულოს.

მოლაპარაკებების ფორმატი ჯერ კიდევ ზუსტდება. ამერიკის ახლა პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ შეხვედრას ვლადიმერ პუტინთან თვის ბოლოს გეგმავს. როგორც ჩანს, მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ ორი სავარძელი ორი პრეზიდენტისთვის იქნება.

დიპლომატიური დიალოგის დაწყებამდე, ამერიკული მხარის განცხადებები კიდევ უფრო ხისტი და არადიპლომატიურიც გახდა. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დაპირისპირებული ქვეყნების პირველი პირები ერთმანეთს უნდა შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკების მაგიდასთან ზელენსკის ადგილს, ამ ეტაპზე, ვერ ხედავს.

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების სიტყვების ომმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შესაძლოა ათწლეულების ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკება უკრაინის გარშემო უკრაინის გარეშე დაიწყოს. დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს. საპასუხოდ, ზელენსკიმ ამერიკის პრეზიდენტზე თქვა, რომ ის რუსეთის დეზინფორმაციის სივრცეშია მოქცეული.

პასუხის პასუხად, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს "დიქტატორი არჩევნების გარეშე" უწოდა.

ამერიკის პრეზიდენტის შემდეგ, ზელენსკი კრიტიკის სამიზნე გახდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მხრიდანაც. გასულ კვირას, ჯეი დი ვენსმა ზელენსკის მიდგომას "სამარცხვინო" უწოდა და იმაზეც მიანიშნა, რომ უკრაინის მთავარ მოკავშირესთან დამოკიდებულებები შესაძლოა შეიცვალოს. ზელენსკის განცხადებებმა ამერიკის პოლიტიკური ლიდერები ტონის დაწევის პოლიტიკაზე აალაპარაკა.

ზელენსკი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში 19 თებერვალს უნდა ჩაფრენილიყო, მას მერე, რაც ამერიკისა და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლები პირისპირ შეხვდებოდნენ. ეს იყო ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მაღალი დონის პირველი ოფიციალური მოლაპარაკება, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ. მიუხედავად ევროპის ქვეყნების ლიდერების დარწმუნებისა და მოწოდებებისა, უკრაინა პროცესებს მიღმა დარჩა. ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკების დასრულებიდან რამდენიმე საათში, 18 თებერვალს, ზელენსკიმ, რომელიც თურქეთში ვიზიტს მართავდა, მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია და უკმაყოფილება.

ერ-რიადის მოლაპარაკებების წინა დღეს, კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ უკრაინის პრეზიდენტის "ლეგიტიმაცია".

უფრო მეტიც, მოსკოვი უკრაინის ხელისუფლებას სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს. ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი ამტკიცებს, რომ რუსეთი ომის მშვიდობიანი გზით დარეგულირების მომხრეა.

გასულ კვირას კიდევ ერთი პოლიტიკური უხერხულობაც იყო: ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარყო ფრანგული გაზეთის "ლე ფოინტის" მიერ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობები, რომ ამერიკის პრეზიდენტი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლასა და, ვლადიმერ პუტინთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის დასრულების მე-80 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასწრებას აპირებდა. ინფორმაცია უარყო დიმიტრი პესკოვმაც.

ამერიკული სამშვიდობო შეთანხმების გეგმა კიტ კელოგის ხელით უკვე გადასცეს ვოლოდიმირ ზელენსკის. კელოგი ერ-რიადის მოლაპარაკებაში არ მონაწილეობდა. უცნობია, რა ადგილი ექნება მას ტრამპის დელეგაციაში, როცა მოლაპარაკება გაგრძელდება. ამერიკელ გენერალს არასოდეს დაუმალავს ხისტი პოზიციები მოსკოვის მიმართ. ზელენსკი არ აღიარებს უკრაინის შესახებ მიღწეულ არავითარ შეთანხმებებს, რომელიც უკრაინის მონაწილეობის გარეშე იქნება მიღწეული. უკრაინული წყაროს თანახმად, ახალი პროექტი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული და ომში მყოფი ქვეყნის კანონმდებლობას შეესაბამება. მედიაში ისიც დაიწერა, რომ წინა პროექტი ითვალისწინებდა უკრაინის ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავლის 50%-ის შეერთებული შტატებისთვის გადაცემას.

აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა ზელენსკის "მეომარი ქვეყნის მამაცი ლიდერი" უწოდა.

ზელენსკის ამერიკელები არწმუნებენ, რომ განახლებულ შეთანხმებას ხელი მოაწეროს, რათა თავიდან აიცილოს პრეზიდენტ ტრამპთან შემდგომი კონფრონტაცია და შეერთებულ შტატებს უკრაინის დახმარების საფუძველი მისცეს. მედია, უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით, წერს, რომ შეთანხმება ხელმოსაწერად მზად არის, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი მასზე ხელმოსაწერად ჯერ არ გეგმავს.

ამერიკული მხარის განცხადებებმა კიევის ევროპელ მოკავშირებში გააჩინა შიში, რომ სამშვიდობო შეთანხმება რუსეთის სასარგებლო პირობებით დასრულდება.

ევროპელები შეშფოთდნენ და ერთმანეთის მიყოლებით ომში მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერად განცხადებების გაკეთება დაიწყეს. ზელენსკი მზად არის ხელი მოაწეროს ამერიკასთან შეთანხმებას წიაღისეულზე, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ისევ ითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებზეც ამერიკამ მას უარი უთხრა. ტრამპთან შესახვედრად ემზადებიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც აცხადებენ, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევები მათი დღის წესრიგის მთავარი თემაა და რომ ომი უკრაინას არ დაუწყია.

საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი დონალდ ტრამპს 24 თებერვალს შეხვდება, ხოლო დიდი ბრიტანეთის პრემიერი კირ სტარმერი 26 თებერვალს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კაბინეტის პირველ სხდომას მომავალ ოთხშაბათს, 26 თებერვალს გამართავს.

24 თებერვალს, ომის მეოთხე წელიწადის ათვლა დაიწყება. ამ თარიღთან დაკავშირებით კიევში ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები ჩავლენ და, ამ ფორმით, ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ. ამ დღეს ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დიდ პაკეტსაც წარადგენს.

ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლისთავზე, აშშ გაეროში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ამ რეზოლუციის მხარდაჭერით დადასტურდება, რომ ევროპის კონტინენტზე დაწყებული კონფლიქტი საშინელებაა.

რუსეთის მიმართ ამერიკის პოლიტიკის უეცარ შემობრუნებას უსიამოვნო სიურპრიზად აღიქვამენ ჩინეთშიც. პეკინში შიშობენ, ტომ თუ ტრამპი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, მაშინ მოსკოვის დამოკიდებულება ჩინეთზე შემცირდება.

რა ფასი აქვს მშვიდობას ვაშინგტონის, მოსკოვისა და კიევისთვის - შეთანხმების კონტურები დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა უნდა გამოკვეთოს. დიდ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე დიდი ომის დასრულების გასაღები, შესაძლოა, ომი დაწყების 3 წლისთავზე მოიძებნოს.

დღის ამბები