ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. კაია კალასი და მარტა კოსი აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს შორდება.
ევროპელი ლიდერები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ აქციაზე დაკავებულები და უზრუნველყონ დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ევროპელი ლიდერების განცხადება, არის ძალიან მნიშვნელოვანი:
"დასავლეთის ქვეყნები, ჩვენი ქვეყნის პარტნიორები არიან, ცხადია, ისინი მხარში უდგანან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ქართველ ხალხს. ამიტომაც, მათი ყველა განცხადება, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესის და ხალხის გამიხატული პროტესტის მხარდამჭერი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. როცა შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ ამ კანონებს, რა თქმა უნდა, გავაუქმებთ, მაგრამ იქამდე, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი," - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრი ლანა გალდავა.