საჰაერო განგაში, დასახლებული პუნქტების დაბომბვა და მსხვერპლი - უკრაინაში მორიგი მძიმე ღამე იყო. ოკუპანტებმა ორჯერ მიიტანეს იერიში ხარკოვზე. დაღუპულია 1 ადამიანი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც.
ყველაზე ცხელ მიმართულებად კვლავ პოკროვსკი რჩება. უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსული ჯარები 2 მიმართულებით დაწინაურდნენ დონეცკის ოლქში.
ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა მოწინააღმდეგეებს შორის, საუბარია 150-150 სამხედრო ტყვეზე. ტყვეთა დაბრუნება დაადასტურა ორივე მხარემ.
ამავე დროს, ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა აშშ-სგან სამხედრო დახმარების მიღებას აგრძელებს, თუმცა ახალ პაკეტებზე საუბარი ჯერ არაა.
Bloomberg ვარაუდობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების გეგმას ვაშინგტონი მომავალ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტში, სავარაუდოდ, იქნება კონფლიქტის პოტენციური გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გაურკვევლობაში დატოვება, ამავდროულად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება, რათა მოსკოვმა ხელახლა შეტევა ვერ შეძლოს.