მას შემდეგ, რაც ბიბლიაზე ფიცი დადო, ისე როგორც ერთ დროს აბრაამ ლინკოლნმა, ხელი წინამორბედს ჩამოართვა და ატლანტის ოკეანის მეორე ნაპირზე რიგით 47-ე პრეზიდენტმა ვადის ათვლა დაიწყო. დონალდ ტრამპი პრეზიდენტის სავარძელს ერთი ვადის გამოტოვებით დაუბრუნდა. მსგავსი რამ კი ამერიკის ისტორიაში საუკუნენახევარია არ მომხდარა.
ისტორია განმეორდა, როცა უამინდობამ ინაუგურაციის მასპინძლებიც და სტუმრებიც კაპიტოლიუმის შენობის გუმბათოვან დარბაზში შეკრიბა.
ყველაფერი დღის წესრიგის მიხედვით მიდიოდა, რომ არა ერთი უხერხული დეტალი - გაჩერებული დრო და მუსიკა, რომელიც მაინც შესრულდა, ოღონდ აკაპელაში, როცა ერთ ხმაში ამღერდნენ ამერიკის ყოფილი და მომავალი პრეზიდენტები, დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც.
კაპიტოლიუმის შენობამდე ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი ერთად მივიდნენ, ერთად გაიარეს ვაშინგტონის ქუჩებიც. პოლიტიკური პოლიფონია ჯო ბაიდენის გაცილებით და საინაუგურაციო მეჯლისით გაგრძელდა.
თუმცა იქამდე, კაპიტოლიუმის ისტორიულ დარბაზში იყო კიდევ ერთი უხერხული მომენტი, რომელიც მედიას არ გამორჩენია და რომელმაც ყველა აალაპარაკა. პოპულარული სოციალური მედია პლატფორმების დამფუძნებელ მამებს ინაუგურაციაზე განსაკუთრებული ადგილი ეკავათ, პოდიუმის მახლობლად იდგენენ და დროდადრო ტელეფონებშიც იყურებოდნენ.
ილონ მასკი ემოციებს ვერ მალავდა, როცა მოისმინა, რომ ამერიკის დროშა მარსზე აქვს ჩასატანი.
მეუღლესთან ერთად იდგა მარკ ცუკერბერგიც, რომლის ყურადღებაც ამაზონის დამფუძნებლის საცოლემ მიიქცია. მას დეკოლტირებული თეთრი კორსეტი ეცვა. მედიაში ისიც დაიწერა, რომ ყოფილმა ტელეწამყვანმა საინაუგურაციო დრესკოდი დაარღვია.
დრესკოდი დაუწუნეს სენატორს დემოკრატებიდან, რომელიც წლის ყველაზე მთავარ პოლიტიკურ ცერემონიაზე, არც მეტი, არც ნაკლები, შორტებითა და ჰუდით მივიდა.
მართალია ამერიკის პირველი ლედის ქუდმა პირველ ცდაზე კოცნა ჩაშალა, სამაგიეროდ მელანია ტრამპის საინაუგურაციო ჩაცმულობამ მოდის კრიტიკოსებიც აალაპარაკა და მათ ისიც ათქმევინა, რომ მელანიამ თეთრ სახლში მოდა დააბრუნა.
სადღესასწაულო სამოსი მელანიას. ამერიკაში არც ისე ცნობილმა მოდის სახლმა შეურჩია. ამჯერად, პირველმა ლედიმ 2017 წელს ჩატარებულ ინაუგურაციაზე მორგებული ლუქისგან რადიკალურად განსხვავებული ჩაცმულობა შეარჩია. საზეიმო დღეს მან მუქი ლურჯი ფერი და შედარებით მკაცრი ტონალობის, Adam Lippes-ის კაბა და პალტო მოირგო. გამორჩეული იყო მისი ქუდიც, რომელიც დიზაინერმა Eric Javits-მა დაამზადა. ქუდი, რომელიც ყოფილი მოდელის დახვეწილ სახის მოყვანილობას გამოკვეთს და მის ჩაცმულობას საოცრად უხდება. ის ბევრად მეტია, ვიდრე სწორად შერჩეული აქსესუარი.
ეცვა განსაკუთრებით მაღალი ქუსლები, არადა იმ დღეს 5 ფეხბურთის სტადიონის ზომის მანძილი უნდა გაევლო, ეს ამბავი აღნიშვნის გარეშე არც ტრამპს დაუტოვებია.
პრეზიდენტის 54 წლის მეუღლე საზეიმო ცერემონიაზე ორი look-ით გამოჩნდა, ოფიციალური დღის და ელეგანტური საღამოს კაბით. პირველი ლედის სტილი ამჯერადაც დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული აღმოჩნდა. მელანია ტრამპი ქვეყნის ისტორიაში მეორე პირველი ლედია, რომელიც წარმოშობით ამერიკელი არ არის.
მელანია ტრამპს თეთრი ფერის კაბა ეცვა, რომელიც შავი დეტალებით იყო გაფორმებული.
როგორც უცხოური მედია წერს, სამოსის შექმნაზე მელანიას პირადმა მრჩეველმა და "კაროლინა ჰერერას" ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა, დიზაინერმა ჰერვ პიერმა იზრუნა. მოდის კრიტიკოსებმა მის სამოსს "ყველაფრის მთქმელი კაბა" უწოდეს.
მელანია ტრამპს ყელზე ე.წ. შავი ჩოკერი ეკეთა, რომელიც ბრილიანტის ბროშით იყო გაფორმებული. აშშ-ს პირველი ლედის ეს აქსესუარი დიზაინერმა, ჰარი უინსტონმა 1955 წელს შექმნა.
ცერემონიაზე ბრწყინავდა "ოდრის კაბაში" გამოწყობილი პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპიც. კაბა სპეციალურად მისთვის შეიქმნა 1954 წლის ოდრი ჰეპბერნის ცნობილი კაბის ანალოგიით. მსახიობს ის ფილმ "საბრინაში" ეცვა. პრეზიდენტის 43 წლის ქალიშვილი თავის მეუღლესთან, ჯარედ კუშნერთან ერთად ვაშინგტონში, რომანტიკული ცეკვის დროს გამოჩნდა.
ინაუგურაციის ცერემონიაზე იგი მწვანე კოსტიუმით წარდგა, რომელზეც შავი ფეხსაცმელი, გამჭვირვალე შავი წინდები, ტყავის ხელთათმანები და ბერეტის სტილის ქუდი მოირგო. თმა კი მოდური ფრანგული კვანძის სახით ჰქონდა შეკრული. ტრამპის უმცროსი ქალიშვილი ტიფანი, რომელიც პირველ შვილს ელოდება, ნაცრისფერი კაბით წარდგა, ხოლო ლარამ წითელი კაბა მოირგო. წვეულებაზე ელეგანტურად გამოიყურებოდა და ტრადიციული უბრალოებით გამოირჩეოდა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მეუღლე უშა.
ჰოკეისა და კალათბურთის დახურულმა დარბაზმა ინაუგურაციის შემდგომ დაგეგმილ საზეიმო აღლუმის შემცვლელ ცერემონიას უმასპინძლა. ამ ამერიკულმა ჰანგებმა პოლიტიკოსი მარტინ ლუთერ კინგის ქვეყნიდან ააცეკვა კიდეც. აცეკვდა ილონ მასკიც, მისმა მისალმების ფორმამ კი, მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
სტუმრები პრეზიდენტთან ერთად საერთო სუფრას მიუსხდნენ. პირველი კერძი ზღვის პროდუქტებით იყო დამზადებული, შემდეგი ხორცით. ვახშამი დასრულდა ფრანგული დესერტით - ვაშლის ტერინით, რომელიც მჟავე ნაღების ნაყინსა და მარილიან კარამელს მოიცავდა.
ტრადიციის მიხედვით, მიღებას ინაუგურაციის ერთიანი კომიტეტი აწყობს. ღონისძიება კი სხდომათა დარბაზში იმართება, სადაც სტუმრები ახალი ლიდერის სადღეგრძელოს ამბობენ.
წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების სტუმრები, სპორტსმენებთან ერთად იყვნენ ამერიკის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები და ბიზნესმენები. ყოფილი პრეზიდენტები საზეიმო ვახშამს უკვე აღარ ესწრებოდნენ. ობამამ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა, ბუშის ოფისმა კი განაცხადა, რომ მოწვევა არ მიუღიათ. ბილ და ჰილარი კლინტონებს მოწვევა ჰქონდათ, მაგრამ მათაც უარი განაცხადეს დასწრებაზე.
ოკეანის მიღმა გალა საღამოს კულმინაცია აშშ-ის დროშის ფერებში გაფორმებული სადღესასწაულო ტორტის წარდგენა გახდა. ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ტორტის გაჭრა ხმლით გადაწყვიტა, თუმცა როგორც კი Village People-ის სიმღერა გაისმა, ტრამპმა ცეკვა დაიწყო.