კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, გიორგი ბაჩალიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი დღეს მხარის მტკიცებულებების გამოკვლევითა და ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის გამოკითხვით გაგრძელდა. თეიმურაზ წიქვაძემ დეტალურად ისაუბრა "ქართული ოცნების" დამფუძნებელსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის არსებულ შეთანხმებაზე და მოსამართლის წინაშე კიდევ ერთხელ თქვა, რომ მისი მარწმუნებელი საქმეში მთავარი დაზარალებულია.
გიორგი ბაჩიაშვილი მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს პოლიტიკურ დევნას უწოდებს. საქმეში პოლიტიკურ ინტერესს სახელმწიფო ბრალდება გამორიცხავს. პროკურორის თქმით, ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლის ჩვენება მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.
პოლიტიკური მიზნით დევნაზე გაკეთებული განცხადება მმართველი პარტიისთვის მხოლოდ სასჯელისგან თავის არიდების ინტერესით სურვილი აიხსნება. ამბობენ, რომ ეს გზა აირჩიეს მიხეილ სააკაშვილმაც და ლელოს ლიდერებმაც, თუმცა ბაჩიაშვილის მდგომარეობა სულ სხვაა, რადგან სააკაშვილისა და ხაზარაძე-ჯაფარიძისგან განსხვავებით თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი პოლიტიკაში ჩართული არასდროს ყოფილა, სწორედ ამიტომ, გიორგი ბაჩიაშვილის ამ სტრატეგიას სახელისუფლებო პარტია პოლიტიკისთვის თავის შეფარების მცდელობას უწოდებს.
ოპონენტების წინააღმდეგ დევნაზე საუბრობენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ ამის გამო ბაჩიაშვილის განცხადებები მათთვის სარწმუნოა.
გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით შეკითხვას უპასუხა პრემიერ მინისტრმაც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციონერობა საქართველოში ისეთი ადამიანებისთვისაა თავშესაფარი, რომლებსაც სამართალთან პრობლემა აქვთ.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ედავებიან. საუბარია ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ 9 ათასამდე ბიტკოინის მითვისებაზე, რომლის ღირებულებაც მაშინ 43 მილიონამდე დოლარს შეადგენდა.