22-მა შტატმა, რომლებსაც დემოკრატები ხელმძღვანელობენ და სამოქალაქო უფლებების დამცველმა ჯგუფებმა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულება სასამართლოში გაასაჩივრეს, რომელიც დაბადების უფლებით მოქალაქეობის მინიჭების აკრძალვას ითვალისწინებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თანამდებობაზე ყოფნის პირველ დღეს, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელშიც ნათქვამია, რომ არალეგალური ემიგრანტების ან მოქალაქეობის არმქონე პირების შვილებს, რომლებიც აშშ-ში დაიბადებიან, მოქალაქეობა ავტომატურად აღარ მიენიჭებათ.
ტრამპის ბრძანება აშშ-ში დაბადებულ ბავშვებს ამერიკელებად არ აღიარებს, თუ არც დედა და არც მამა შეერთებული შტატების მოქალაქეები არ არიან.
როგორც მოსარჩელეები აღნიშნავენ, ეს ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებას.