კალიფორნიაში კვლავ ძლიერი ხანძარია. სტიქიამ ამჯერად სან-დიეგოს მცხოვრებლები დააზარალა. ევაკუირებულია 3 ათასამდე ადამიანი. ცეცხლი უკიდია დასახლებული პუნქტების მახლობლად მდებარე კლდოვან ტერიტორიას.
ძლიერი ქარისა და მშრალი ამინდის გამო, მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობა უჭირთ. გადაკეტილია გზები. ოპერაციაში, სახმელეთო ეკიპაჟებთან ერთად, ჩართულია ვერტმფრენებიც. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულები არ არიან.
კალიფორნიაში ხანძრებს 7 იანვრიდან ებრძვიან. ყველაზე დიდი ზარალი შტატის სამხრეთითაა, დაიღუპა 27 ადამიანი, ლოს-ანჯელესის რეგიონში 15 ათასზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა ან დაზიანდა.
ხანძრებმა შტატს 30 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი მიაყენა.