ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. სიტყვით 27 ევროპარლამენტარი გამოვიდა და საქართველოში მიმდინარე ვითარების შესახებ საკუთარი პოზიცია გამოთქვა. კრიტიკულთან ერთად, ისმოდა დადებითი შეფასებებიც.
ევროპარლამენტარ ბრანისლავ ონდრუშის განცხადებით, აბსურდული ბრალდებებია თითქოს, საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია.
"ყველაზე აბსურდული ბრალდებები არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული. როგორ შეიძლება მთავრობა იყოს პრორუსული, რომელიც არ შეეგუა თავისი ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპაციას, რომელიც ითხოვს რუსების გაყვანას და რომელიც იბრძვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად? დღევანდელი ვითარება ქართული რეალობის უგულებელყოფისა და საქართველოს შიდა საქმეებში ევროპელი პოლიტიკოსების უპრეცედენტო ჩარევის შედეგია. ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულების ცვლილება წარმოადგენს თავდაცვის მექანიზმს ევროპის უსამართლო ზეწოლის საპასუხოდ. რუსეთთან მიმართებაში არსებული რთული ქართული რეალობის შემწყნარებლობისა და გაგების ნაცვლად, ევროკავშირმა დაიწყო ქართველებისთვის კარნახი, მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენას მოახდენს მათ ეკონომიკასა და თავდაცვაზე ეს. საქართველო რეალურად განწირულია რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობებისთვის, რადგან ევროკავშირს არ შეუძლია უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება. რუსული ჯარი თბილისში შეიძლება სამ დღეში იყოს. და შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი მრავალი წლის განმავლობაში მეგობრულად თანამშრომლობდა რუსეთთან, მიუხედავად საქართველოს ტერიტორიის დიდი ხნის ოკუპაციისა. ამიტომ მოგიწოდებთ ჩვენი მიდგომის შეცვლას და საქართველოსთან ურთიერთპატივისცემის საფუძველზე ურთიერთობისა და პარტნიორული დიალოგის განახლებას", - განაცხადა ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუშმა.