ვატო ბჟალავას სასამართლომ 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ბჟალავა 12 დეკემბერს თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს. ანალიტიკურ-კვლევითი ცენტრის, "რონდელის ფონდის" მკვლევარს, პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე დაკავების ეპიზოდი გაიხსენა და მოყვა, რომ განყოფილებაში ერთ-ერთმა პოლიციელმა მასზე იძალადა.
"ძაღლს ვასეირნებდი. როგორც კი მოვიდნენ მითხრეს, თუ შეიძლება, შენი პირადობის მოწმობა მომეციო. ამოვიღე საფულიდან, ეგრევე მივაწოდე პირადობის მოწმობა. მითხრეს, რომ დაკავებული ვარ, გავყევი, ჩემი ხელით, ისე რომ არც შემხებია არც ერთი სამართალდამცავი, ჩემით მივედი და არკის წინ, შლაგბაუმთან გაჩერებულ მანქანაში ჩავჯექი.
კრიმინალურ პოლიციაში შემოვიდა მაღალი აღნაგობის ადამიანი, რომელმაც მითხრა, მეთქვა კოდი რაზეც ვუთხარი, რომ ადვოკატის და სასამართლოს გარეშე არ ვეტყოდი, დამიწყო გინება, შემდეგ დამემუქრა, რომ ახლა ადმინისტრაციულით ხარ დაკავებული და გადაგიყვანო სისხლშიო, ორჯერ გამარტყა სილა, ინსტინქტურად ფეხზე რომ წამოვდექი ფეხში ჩამარტყა", - აღნიშნა ვატო ბჟალავამ სასამართლო სხდომაზე.
ადვოკატის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.