05 სექტემბერი 2026,   10:27
ვრცლად
გიორგი გახარიას სტრატეგია - "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერის თქმით, გეგმა, რომელზეც მუშაობენ, ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა განხორციელდეს

გიორგი გახარიას თქმით, გეგმა, რომელზეც მუშაობენ, 20 იანვრამდე - ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაციის ოფიციალურად დაკომპლექტებამდე და დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე უნდა განხორციელდეს. "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერის სტრატეგიის მიხედვით, ვიდრე შტატებში ჯერ კიდევ ძველი ადმინისტრაცია მუშაობს, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაღიარება უნდა შენარჩუნდეს, ინსტიტუციების ლეგიტიმაცია კი არ უნდა მოხდეს. გიორგი გახარიას გუნდის წევრები ამ გეგმაში უცნაურს ვერაფერს ხედავენ და ამბობენ, რომ თარიღებს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შედეგი.

გიორგი გახარიას ნათქვამი პრემიერ-მინისტრისთვის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან წამოცდენად შეფასდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათ ოპონენტებში ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო მიდგომები შიშს იწვევს. მმართველი ძალაში კიდევ ერთხელ საუბრობენ, რომ ვერანაირი გეგმა და სტრატეგია საქართველოში არეულობასა და ქაოსს ვერ გამოიწვევს.

სახელისუფლებო პარტიის ლიდერების განცხადებები ოპოზიციისთვის საზოგადოების განწყობაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაა. "ქართული ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ ამერიკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეიცვლება და შტატები არა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი, არამედ ქართველი ხალხის მეგობარი იქნება.

ქვეყნის ფარგლებს მიღმა პარტნიორებთან კომუნიკაცია, ქვეყნის შიგნით კი საპროტესტო აქციები - ოპოზიციისთვის გამარჯვება ამ ორი მიმართულებით მუშაობაზე გადის. მმართველი პარტია ოპონენტებს ურჩევს, მორიგ მარცხს შეეგუონ.

ოფიციალური თბილისი ვაშინგტონთან ურთიერთობების თვისობრივი გადატვირთვის მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი, ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, რეალური გახდება.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი. მმართველი პარტია ოპონენტებს მიმართავს, დაელოდონ ორი სახელმწიფოს ურთიერთობების განვითარებას და უარი თქვან საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზე.

 

დღის ამბები