22 ივნისი 2026,   19:21
ვრცლად
P. Diddy-თან ერთად, 13 წლის გოგოს გაუპატიურებაში Jay-Z-ის ადანაშაულებენ - სარჩელში მოხსენიებულია ცნობილი ქალიც, ინიციალით B

ცნობილი ამერიკელი რეპერის, შონ კომბსის (Diddy) წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სექსუალური ძალადობის ერთ-ერთ ეპიზოდში, სადაც 13 წლის გოგონას გაუპატიურებაზე საუბარი, კიდევ ერთი პოპულარული ამერიკელი რეპერი - ჯეი-ზია ბრალდებული.

ანონიმურ სარჩელში აღნიშნულია, რომ დანაშაული MTV Video Music Awards-ის დაჯილდოების შემდეგ, Diddy-ის სახლში გამართულ წვეულებაზე მოხდა, ხოლო დანაშაულს ერთ-ერთი ცნობილი ქალიც შეესწრო.

ჯეი-ზიმ ბრალდება უარყო და მას "შანტაჟის მცდელობა" უწოდა.

ბრალდებებს უარყოფს Diddy-ც, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის სექტემბერში, სექსუალურ ძალადობასა და სექს ტრეფიკინგში დაადანაშაულეს.

ჯეი-ზი, რომლის ნამდვილი სახელიც შონ კორი კარტერია, ბრალდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მის ადვოკატს თანხის გამოძალვის მიზნით მიმართეს. რეპერი "შანტაჟის მცდელობაზე" საუბრობს და აცხადებს, რომ არცერთი ცენტის გადახდას არ აპირებს.

სარჩელის ავტორი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, ჰყვება, რომ როდესაც 13 წლის იყო და MTV Video Music Awards-ის ღონისძიებაზე მოხვედრას ცდილობდა, ლიმუზინის მძღოლმა მას Diddy-თვის მუშაობა შესთავაზა, რადგან ის რეპერის კრიტერიუმებში ჯდებოდა. სარჩელში აღნიშნულია, რომ მოგვიანებით, მძღოლმა ის Diddy-ის სახლში, წვეულებაზე წაიყვანა.

სარჩელის ავტორი ჰყვება, რომ როდესაც წვეულებაზე მივიდა, მას ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე, რომელიც, მისი რწმენით, გაუთქმელობის ხელშეკრულება იყო.

სარჩელში საუბარია იმაზეც, რომ წვეულებას უამრავი ცნობილი პირი ესწრებოდა და, ამასთან, ფართოდ გამოიყენებოდა ნარკოტიკი, მათ შორის, კოკაინი.

სარჩელის მიხედვით, მიმტანმა გოგონას სასმელი შესთავაზა, რის შემდეგაც მან თავი შეუძლოდ იგრძნო, ამიტომ ერთ-ერთ ოთახში დასაძინებლად გავიდა. ამის შემდეგ, ოთახში შევიდნენ Diddy და ჯეი-ზი, ცნობილ ქალთან ერთად, რომელიც მოხსენიებულია ინიციალით B.

სარჩელის მიხედვით, Diddy გოგონას "შეშლილი მზერით" მიუახლოვდა, ხელი სტაცა და უთხრა სიტყვები "შენ მზად ხარ წვეულებისთვის." შემდეგ, ის ჯეი-ზიმ გააკავა და გააუპატიურა, რის შემდეგაც ეს Diddy-მ გააკეთა. ამ ყველაფერს უყურებდა ცნობილი ქალი, ინიციალით B.

სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე, რომელიც ამ ეპიზოდის შემდეგ კვლავ იტანჯება პოსტ სტრესული აშლილობითა და დეპრესიით, ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

შონ კომბსის (Diddy) წინააღმდეგ სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის შესახებ 30 სარჩელია შეტანილი.

წყარო: BBC

დღის ამბები