პროკურატურამ ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა - უწყება საქმის დავით კეზერაშვილთან კავშირზე საუბრობს. პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითური ქოლცენტრის ერთ-ერთ ხელმძღვანელს მილიონ დოლარზე მეტი აქვს ჩარიცხული დავით კეზერაშვილის, მისი დისა და დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.
უწყების ცნობით, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში დაფუძნებული კომპანიის - შპს "მორგან ლიმიტედია" ბაზაზე, 2019-21 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფი მოქმედებდა- მათ ევროკავშირის მოქალაქეებისგან მოტყუებით მიითვისეს 3 მილიონ ევროზე მეტი. გამოძიების ცნობითვე, სწორედ ამ საქმეზე დაკავებულიდან ერთ-ერთს აქვს თანხა ჩარიცხული თავდაცვის ყოფილ მინისტრთან.
საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ოფისის საქმიანობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან ის ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობდა.
"ჩემთვის დეტალები არ არის ცნობილი, რადგან ახლა გადმოგვეცა საქმის მასალები და ჯერ არ გავცნობილვართ მას. თუმცა, ჩემი კლიენტი ამ კომპანიაში მომსახურების სფეროში ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობდა. ის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. მისი განცხადებით, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, იმის შესახებ რაც ბრალდებაშია წარმოდგენილი. მისი მიმართულება იყო კომპანიის მომარაგება ტექნიკურ-სამეურნეო მასალით", - განაცხადა ბრალდებული ადვოკატმა ზაზა დათუკაშვილმა.