მარკ ცუკერბერგი სახელმწიფოს მხრიდან მის კომპანიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. "მეტას" დამფუძნებელი წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტისადმი მიწერილ ვრცელ წერილში, სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ არ იყო უფრო ხმამაღალი "სახელმწიფო ზეწოლის" წინააღმდეგ.
ცუკერბერგის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა "არაერთხელ მოახდინეს ზეწოლა" "მეტაზე", რათა 2021 წელს ცენზურა დაეწესებინათ მის კონტენტზე.
"მე მჯერა, რომ მთავრობის ზეწოლა არასწორი იყო და ვწუხვარ, რომ ჩვენ არასაკმარისი წინააღმდეგობა გავუწიეთ ამას," - აცხადებს ცუკერბერგი.
"ფეისბუქის" დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ აღარ უნდა მოხდეს კომპრომისზე წასვლა, როცა სახელმწიფოს მხრიდან ხდება მათ საქმეებში ჩარევა და ზეწოლა.
"ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ, თუ მსგავსი რამ განმეორდება,"- აცხადებს ცუკერბერგი.