24 ივნისი 2026,   23:24
ვრცლად
უსამართლო რეზოლუციები და მიდგომა - პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელსა და სტრასბურგში მოქმედი ევრობიუროკრატები გააკრიტიკა

პრემიერ-მინისტრმა დღეს ბრიუსელსა და სტრასბურგში მოქმედი ევრობიუროკრატები გააკრიტიკა. უსამართლო რეზოლუციები და მიდგომა, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროსტრუქტურებს დემოკრატიულ ფასეულობებთან აშორებს. საუბარია ევროსაბჭოს რეზოლუციაზე, რომელშიც საქართველოს მიმართ კრიტიკული პოზიციებია დაფიქსირებული, იმ ფონზე როდესაც ქვეყანა, ევროგაერთიანების კანდიდატებს შორის, ყველა რეიტინგით ლიდერობს. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა სუბიექტური მიდგომებით საკუთარ პოლიტიკურ წონას აუფასურებს და იმ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რომელზეც ევროკავშირი შეიქმნა.

პრემიერისთვის საბჭოურ სტანდარტებში ჯდება ევროპარლამენტის ქმედებაც, სადაც ხვალ ევროკავშირის სამომავლო გაფართოებაზე საქართველოს გარეშე იმსჯელებენ. მთავრობის გამჭვირვალობის, ეკონომიკური თავისუფლების, პლურალიზმისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით საქართველო ასპირანტ ქვეყნებში წლებია ლიდერობს - ამ ფონზე კი საქართველოს გარეშე გაფართოებაზე საუბარი, პრემიერის აზრით, ყოველგვარ ლოგიკურ ჩარჩოს ცდება და ადასტურებს, რომ ბიუროკრატია კვლავ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებს.

ევროკავშირის გაფართოებაზე საუბარი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ფუნქციის მქონე საქართველოს გარეშე ლოგიკურად გამოიყურება საპარლამენტო ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტებს ევროსტრუქტურების მესვეურებთან შეკითხვები არ აქვთ.

ოპონენტებისა და ევროსტრუქტურების ქმედებებს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებენ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში. მმართველ გუნდში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას აბსურდულს უწოდებენ. ამბობენ, რომ სტრასბურგში და ბრიუსელში მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯები კვლავ იდგმება, თუნდაც ეს ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს უხეშად ეწინააღმდეგებოდეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციას საქართველოს შესახებ ხვალ მიიღებს. ხვალვე ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოებაზე წინასწარ შერჩეული შემადგენლობა იმსჯელებს. სახელისუფლებო პარტიაში ევროსტრუქტურების ქმედებას ევროსკეპტიციზმის გაღვივების მცდელობად აღიქვამენ.

დღის ამბები