23 ივნისი 2026,   19:49
ვრცლად
პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველს უსმენს - სესიაზე ანგარიში ლევან იოსელიანმა წარადგინა

პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველს უსმენს. სესიაზე ანგარიში ლევან იოსელიანმა წარადგინა. დოკუმენტი ეხება 2025 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებს.

ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, ვითარებაზე პენიტენციურ დაწესებულებებში, აქციებზე დაკავებული პირების უფლებრივ მდგომარეობაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და სხვა არაერთ საკითხზე. მოსმენის შემდეგ დეპუტატებმა ომბუდსმენს კითხვები დაუსვეს.

"კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ ბორდერიზაციის პროცესი. საანგარიშო წელს, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, 60 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართები გაავლეს. ხოლო, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, ხელოვნური ბარიერების სიგრძემ 50 კილომეტრს გადააჭარბა.

ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს, საოკუპაციო რეჟიმებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 32 პირი, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით - 40 პირი დააკავეს. გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევებიც.

უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წელს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე, 2024 წელთან შედარებით, აქტივისტთა რაოდენობებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის ფაქტების რაოდენობა შემცირებულია, რაც მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული აქციების მასშტაბურობის შემცირებასთან. 2024 წლის განმავლობაში გამართული აქციების კონტექსტში გამოვლენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა არც ერთი სამართალდამცველის მიმართ არ იყო დაწყებული.

თუმცა, აქვე აღსანიშნავია და მისასალმებელია, რომ უკვე 2026 წლის 8 მაისს, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ ძალადობის საქმეზე დაკავებულ 4 სპეცრაზმელისა და დაცვის პოლიციის ერთი თანამშრომლის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და წარედგინათ ბრალი. მნიშვნელოვანია აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდეს", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები