ყოველდღიურად იზრდება იმ ტერიტორიის ფართობი, რომელსაც უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე იკავებს. კურსკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცები ამ დროისთვის 1 263 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ, ეს არის 93 დასახლებული პუნქტი.
ცნობილი ხდება, რომ რუსეთი იძულებული გახდა უკრაინაში, "ჩასივ იარის" საბრძოლო პოზიციებიდან საჯარისო ნაწილები მოეხსნა და კურსკში გადაესროლა.
პუტინი საკუთარი ტერიტორიების დასაცავად სამ დაჯგუფებას ქმნის. ბატალიონები დაკომპლექტდება წვევამდელებით და უკრაინიდან უკან გამოწვეული სამხედროებით.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელი მეომრები ოკუპანტის გასანადგურებლად ყველაფერს აკეთებენ.
"ფრონტის წინა ხაზზე პოკროვსკის და ტორეცკის საბრძოლო მიმართულებებზე, რთული ვითარებაა. ჩვენი მეომრები ოკუპანტის გასანადგურებლად ყველაფერს აკეთებენ. მთავარსარდალმა კურსკის მიმართულებაზე ვითარების შესახებ მომახსენა. ვაღწევთ დასახულ მიზნებს. პრიორიტეტი, ისევე როგორც ადრე, უკრაინისთვის სამხედრო ტყვეების ფონდის შევსებაა. მივიღეთ კანონი ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობისთვის. ეს ეკლესიების და რელიგიური ორგანიზაციების წევრებთან განვიხილეთ. უახლოეს დღეებში, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოსის წარმომადგენლებს ვესაუბრები. განვაგრძობთ უკრაინისა და ჩვენი საზოგადოების გაძლიერებას", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
პენტაგონში კიდევ ერთხელ თქვეს, რომ მზად არიან იმსჯელონ უკრაინის ჯარის საჭიროებებზე კურსკის რეგიონში.