ქალს, რომელიც ამტკიცებდა, რომ უფლება ჰქონდა მოეკლა მამაკაცი, რომელიც მას სექსუალურ ექსპლუატაციაში ამყოფებდა, 11 წელი მიუსაჯეს.
მსჯავრდებული ქალი ამტკიცებდა, რომ სასამართლო იმუნიტეტი გააჩნდა, ვინაიდან, მამაკაცი, რომელსაც მან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, მისით ვაჭრობდა.
როგორც ირკვევა, ჰრისტულ კიზერმა, 34 წლის რენდალ ვოლარი, ცეცხლსასროლი იარაღით, მისსავე სახლში 2018 წელს მოკლა. დანაშაულის ჩადენის დროს კიზერი 17 წლის იყო. მან მამაკაცს თავში ესროლა, სახლში ცეცხლი გააჩინა და ვოლარის ავტომობილი გაიტაცა.
2022 წელს, ვისკონსინის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ შტატის კანონი, რომელიც ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლებს ადამიანებით ვაჭრობის შედეგად ჩადენილი დანაშაულებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, ასევე ვრცელდება წინასწარ განზრახული პირველი ხარისხის მკვლელობაზეც.
სასამართლომ დაადგინა, რომ კიზერის ადვოკატებს უნდა ჰქონოდათ შესაძლებლობა წარედგინათ მტკიცებულებები, რომ გოგონას მიერ ჩადენილი დანაშაული იყო "პირდაპირი შედეგი იმ ძალადობისა, რომელიც მან განიცადა".
სასამართლოს დადგენილებამ კიზერს აფიქრებინა, რომ მას სასამართლოს იმუნიტეტი გააჩნდა, თუმცა დადგენილებაში ასევე ეწერა, რომ კიზერს ჯერ მტკიცებულებები უნდა წარედგინა.
დაკავებული ამტკიცებდა, რომ მამაკაცის მკვლელობა იყო თავდაცვა, თუმცა ამა წლის მაისში მან ბრალი უყურადღებობით ჩადენილი მკვლელობის მუხლით აღიარა.
კიზერმა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს 17 წლის იყო, ცეცხლსასროლი იარაღი წიგნის ჩანთაში ჩაიდო და ვოლარის სახლისკენ გაემართა. მანამდე მან თავის შეყვარებულს უთხრა, რომ ვოლარის სახლში მის მოსაკლავად მიდიოდა, ვინაიდან, "მას მობეზრდა, რომ ვოლარი ეხებოდა".
წყარო: CNN